ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ლარის კურსი ძალიან სტაბილურია და მოსალოდნელი არაა, რომ მასთან დაკავშირებით რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს.
ამის შესახებ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“ლარის კურსი ძალიან სტაბილურია. ზაფხულის პერიოდში, აგვისტო – სექტემბრის პერიოდში ძალიან დიდი ვალუტაც შემოვიდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვები საკმაოდ შეივსო. ეს ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მზადაა იმისათვის, რომ ყველა გამოწვევას უპასუხოს, რაც პოტენციურად შეიძლება, ლარის კურსს დაუდგეს. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდასა და იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს, რაც გავლენას ახდენს ზრდაზე, ყველა პარამეტრი წესრიგშია. არ არსებობს, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს. ბოლო პერიოდში რაც რამდენჯერმე მოხდა, ეს ერთჯერადი, მსხვილი ტრანზაქციების შედეგი იყო და ამან, შეიძლება, რაღაცა ტიპის, უმნიშვნელოვან ზეგავლენა მოახდინოს, თუმცა, ეროვნულ ბანკს საკმაოდ შევსებული აქვს რეზერვები, იმაზე უკეთაა მზად, ვიდრე შარშან, როდესაც ლარზე შეტევა იყო და ცდილობდნენ, რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟების ფონზე ლარის გაუფასურება მოეხდინათ. იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული ბანკი წელს შარშანდელზე უფრო მზადაა. ზაფხულმა ეროვნულ ბანკს იმის საშუალება მისცა, რომ თავისი რეზერვები საკმაოდ დიდი რაოდენობით, რეკორდულად შეევსო. ამდენად, არანაირი საფუძველი არაა იმისა, ვიფიქროთ, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე შეიძლება, მოხდეს და გაუფასურდეს. ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ნაკადებიდან შემოდინებები კვლავ შენარჩუნებულია”,- განაცხადა ანგურიძემ.