“ოთხ ოქტომბერს რაღაც ეტაპი დასრულდა, განვითარების ახალ ეტაპზე   გადავდივართ, არჩევნებამდე  სამწლიანი პერიოდი საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანამ  საკმაოდ  კარგი განვითარების ვექტორი შეინარჩუნოს” –  ოთარ ანგურიძე  

“მე ასე ვიტყვი:  პროტესტი დასრულდა, მოლოდინებიც [ეკონომიკური]  უფრო მეტად გაიზრდება.  ეს წელიც  საკმაოდ კარგი გვექნება,  მომავალი წელი გაცილებით სტაბილური იქნება,  იმიტომ, რომ უახლოესი სამი წელი ჩვენ არჩევნები აღარ  გვაქვს  და ეს მოგვცემს  საფუძველს იმისას, რომ ქვეყანა სამი წლის პერიოდში ძალიან სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში იყოს”, – ამის შესახებ ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

ანგურიძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და ეკონომიკური მოლოდინების შესახებ  ისაუბრა.

“მე ვფიქრობ, რომ 4 ოქტომბრით რაღაც ეტაპი დასრულდა.  არა მარტო არჩევნებმა დაასრულა ეს რაღაც  ახალი ეტაპი, არამედ თვითონ იმ მოვლენამ, რაც ოთხი ოქტომბრის ღამით მოხდა. ქრონოლოგიას რომ მივყვეთ: ჩვენ ვნახეთ, რომ   პოლიტიკური დაძაბულობა გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებით დაიწყო, რასაც,  შემდგომ, როგორც ამბობენ, ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა.  თუმცა,  ის ფორმა,  როცა ყოველ ღამე რამდენიმე ათეული ადამიანი ქუჩას,  ცენტრალურ მაგისტრალს კეტავდა, რამდენად იყო პროტესტი,  ეს კიდევ ცალკე საკითხია.  თუმცა,   რომ ვთქვათ, ამან რაიმე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე – არა. ჩვენ ვნახეთ, რომ აბსოლუტურად ყველა პარამეტრი უმჯობესდებოდა,  ლარმა  გამყარება დაიწყო და ვხედავთ,  რომ ის ჩვენს რეგიონში ძალიან სტაბილური ვალუტაა. რაც ასევე მნიშვნელოვანია,   ყველა პარამეტრი, რამაც შეიძლება,   ეკონომიკურ ზრდაზე  გავლენა მოახდინოს, წესრიგში იყო, სახეზე გვქონდა,  რომ გასული წელი  ეკონომიკური ზრდის 9.4%-იანი მაჩვენებელით დავხურეთ.    წელსაც საკმაოდ მაღალი ზრდა  გვაქვს,  ვერ ვიტყვით, რომ შეიძლება,  10%-იანი,  ანუ ორნიშნა დაჯდეს, თუმცა,   შარშანდელ ზრდის მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოს იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ   ჩვენი ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა აქტორი,  ვინც ჩვენს ეკონომიკაში დოვლათს ქმნის, ამ მიმდინარე პროცესებს სერიოზულად არ აღიქვამდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ის ზრდა არ გვექნებოდა, რაც გვქონდა.  გაზრდილია   საბიუჯეტო შემოსავლები, გაზრდილია დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვაც,   თვითონ ამ საწარმოთა რაოდენობაც გაზრდილია. გაზრდილია ექსპორტი, ლარი  სტაბილურია. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ თუნდაც  შარშანდელი მწვავე პროტესტის ფონზეც კი, ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ აქტიური იყო, რაც ჩვენს ეკონომიკაში ამ დოვლათის შექმნას უწყობდა ხელს. მივიღეთ ის, რომ  მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს.   ერთადერთი  სიმცირე     პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე იყო, მაგრამ ამასაც თავისი ლოგიკური ახსნა აქვს:  იმიტომ შემცირდა, რომ ერთის მხრივ,  კომპანიებმა საგარეო ვალები გადაიხადეს. შარშანდელი წელი რეკორდული იყო, როდესაც  ჩვენმა ადგილობრივმა კომპანიებმა   საგარეო ვალები რეკორდულად დაფარეს.   რომ ვიმსჯელოთ,  ადამიანი როდის ფარავს ვალს? ფარავს მაშინ, როდესაც ხედავს, რომ პერსპექტივაში კარგი მოლოდინები აქვს. თუ მას პერსპექტივაში კარგი მოლოდინები არ აქვს, საგარეო ვალს წინმსწრებად კი არ დაფარავს, არამედ,  პირიქით, შეეცდება, რაც შეიძლება ნაკლები გასავალი ჰქონდეს,   მეტი დანაზოგები შეინარჩუნოს. მეორე მომენტი იყო ის, რომ თვითონ უცხოური კომპანიები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში უცხოური კაპიტალით იყვნენ შექმნილნი   და   ითვლებოდა, რომ ეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, ადგილობრივ მფლობელობაში გადავიდნენ. სწორედ   ამ ორმა ძირითადმა პარამეტრმა განაპირობა ის,  რომ საერთო სტატისტიკურ მაჩვენებელში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში შედარებით მცირე მოცულობა დაგვიჯდა. თუმცა, ეკონომიკაში სხვა თანმდევი პროცესები რაც მიდიოდა, მიუთითებს იმაზე,  რომ მოლოდინები  პოზიტიური იყო.

ახლა არჩევნებმაც მშვიდად ჩაიარა.  კითხვები, პრაქტიკულად, არ არსებობს,  განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მის ლეგიტიმაციას საფრთხის ქვეშ დააყენებს, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც.  ანუ, ამ არჩევნების შედეგებს, პრაქტიკულად, ყველა აღიარებს. წინა არჩევნების დროს იყო მუდმივად –  აი, “გაყალბება”,  “არალეგიტიმური” და ა.შ. ეს ყველაფერი  ამ არჩევნებზე ამოწურული იყო. მეორეც, ბევრი იკვეხნიდა,     ჩვენ ამდენი ხნის უწყვეტი პროტესტი გვაქვსო, ეს პროტესტი დასრულდა, მე ასე ვიტყვი.    იმ ღამემ   აჩვენა, რომ ამ პროტესტს   მომავალი არა აქვს,  არა თუ მომავალი, არამედ ამ პროტესტის  არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად,  მივედით იქამდე, რომ   შეგვრჩა პრეზიდენტის ადმინისტრაციის  4 ოქტომბრის ღამეს დარბეული გალავანი,  ალბათ, რამდენიმე ათეული ადამიანი პლუს კიდევ დაპატიმრებული იქნება,   სამწუხაროდ, მაგრამ ეს ფაქტია.  ანუ,  რეალურად ეს  არის ის შედეგი,  რაც ამ პროტესტს მოჰყვა და ამის იქით უკვე აღარ იქნება.

რაც შეეხება თვითონ მოლოდინებს, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროტესტი დასრულდება, მოლოდინებიც [ეკონომიკური]  უფრო მეტად გაიზრდება. ამიტომ,  მე ვფიქრობ, რომ ეს წელიც  საკმაოდ კარგი გვექნება,  მომავალი წელი გაცილებით სტაბილური იქნება,  იმიტომ, რომ უახლოესი სამი წელი ჩვენ არჩევნები აღარ  გვაქვს  და ეს მოგვცემს  საფუძველს იმისას, რომ ქვეყანა   სამი წლის პერიოდში ძალიან სტაბილურ და მშვიდ ვითარებაში იყოს. რაც შეეხება იმ  საერთაშორისო ზეწოლას, რომელიც  ჩვენი ქვეყნის მიმართ იყო, ვფიქრობ,   ესეც შეიცვლება, რადგან მეტი პოლიტიკური და ინსტრუმენტული რესურსი ფიზიკურად აღარ არსებობს, რომელიც შეიძლება, ამ   დაძაბულ სიტუაციაში ქვეყნის საზიანოდ იქნას გამოყენებული.

ამდენად,  მე ვფიქრობ, რომ პროცესები საკმაოდ პოზიტიურად განვითარდება. თუნდაც ის ფაქტი, რომ   საერთაშორისო ორგანიზაციები  ყოველი პროგნოზიდან პროგნოზამდე  მათ პროგნოზებს [ეკონომიკური ზრდის]   ზრდიან, მიუთითებს იმაზე,  რომ   ისინი ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობას და მშვიდობას ელიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროგნოზებში   ზრდის მაჩვენებელი ასახული ვერ იქნებოდა. ამიტომ, როგორც უკვე აღვნიშნე, ოთხში  ეს რაღაც პროცესი დასრულდა და ჩვენ  უკვე განვითარების ახალ ეტაპზე   გადავდივართ. სამწლიანი პერიოდი, რომელიც არჩევნებამდე გვაქვს,   საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანამ საკმაოდ კარგი,  გრძელვადიანი განვითარების ვექტორი შეინარჩუნოს.

ვფიქრობ, რომ პროგნოზზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდება. ისტორია ამას გვიჩვენებს:  როდესაც ისინი პროგნოზს აქვეყნებენ, რეალური მაჩვენებლები ყოველთვის მაღალია ხოლმე, ახლაც ასე  იქნება.  ყველა თანმდევი პარამეტრი, რომელიც ეკონომიკურ ზრდასთანაა დაკავშირებული, ზრდის პროცესშია”,-  განაცხადა ოთარ ანგურიძემ.

მისივე თქმით,  მოსალოდნელი არაა, რომ  ლართან დაკავშირებით რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს.

“ლარის კურსი ძალიან სტაბილურია. ზაფხულის პერიოდში,  აგვისტო –  სექტემბრის პერიოდში ძალიან დიდი ვალუტაც შემოვიდა. ჩვენ ვნახეთ,  რომ ეროვნულმა ბანკმა თავისი რეზერვები საკმაოდ შეივსო.   ეს ნიშნავს,  რომ ეროვნული ბანკი მზადაა იმისათვის, რომ  ყველა გამოწვევას უპასუხოს, რაც პოტენციურად შეიძლება, ლარის კურსს დაუდგეს. როდესაც ვსაუბრობთ ეკონომიკურ ზრდასა და იმ მოცემულობაზე, რაც გვაქვს,  რაც გავლენას ახდენს  ზრდაზე,   ყველა პარამეტრი  წესრიგშია. არ არსებობს, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე ტიპის მერყეობა მოხდეს. ბოლო პერიოდში, რაც რამდენჯერმე მოხდა,  ეს ერთჯერადი,  მსხვილი ტრანზაქციების შედეგი იყო და ამან,  შეიძლება,  რაღაცა ტიპის უმნიშვნელო ზეგავლენა მოახდინოს,  თუმცა, ეროვნულ ბანკს საკმაოდ შევსებული აქვს რეზერვები,  იმაზე უკეთაა მზად, ვიდრე  შარშან,  როდესაც   ლარზე შეტევა იყო და ცდილობდნენ,  რაღაც ხელოვნური აჟიოტაჟების ფონზე  ლარის გაუფასურება  მოეხდინათ.  იმის თქმა მინდა, რომ ეროვნული ბანკი წელს შარშანდელზე უფრო მზადაა. ზაფხულმა   ეროვნულ ბანკს იმის საშუალება მისცა,  რომ თავისი რეზერვები საკმაოდ დიდი რაოდენობით,  რეკორდულად შეევსო.  ამდენად, არანაირი საფუძველი არ არის იმისა, ვიფიქროთ, რომ ლართან დაკავშირებით რაიმე შეიძლება  მოხდეს და გაუფასურდეს.  ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ნაკადებიდან შემოდინებები კვლავ შენარჩუნებულია”, –  განაცხადა ანგურიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები