საქპატენტის სასწავლო ცენტრში ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო სასწავლო პროგრამა 17 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ სასწავლო ცენტრში გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და საქპატენტის ერთობლივი სპეციალიზაციის სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სასწავლო კურსი 17 ქვეყნის წარმომადგენელმა გაიარა. აღნიშნული პროგრამა საქპატენტმა WIPO-თან თანამშრომლობით, წელს უკვე მეცხრედ განახორციელა. აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში საქართველოს მიერ დაგროვილი ცოდნისა და წარმატებული გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა ერთადერთია, სადაც WIPO-ს აკადემიის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად იმართება გეოგრაფიული აღნიშვნების ერთობლივი პროგრამა.
კურსის დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი WIPO-საქპატენტის ერთობლივი სერტიფიკატები გადასცა. უწყების ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში, ასევე, მონაწილეებს გააცნო გასულ წელს საქართველოში განხორციელებული გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის კანონმდებლობის რეფორმა. დასასრულს კი მადლობა გადაუხადა WIPO-ს აკადემიას თანამშრომლობისთვის და კურსის თითოეულ მონაწილეს წარმატებები უსურვა.
საერთაშორისო სასწავლო კურსის პროგრამა განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრების უწყებების, დარგობრივი სამინისტროებისა და საჯარო დაწესებულებების იმ მენეჯერული რგოლის მოხელეთათვის, რომლებიც საქმიანობენ გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ წელს, ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ გეოგრაფიული აღნიშვნების მქონე პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციების წარმომადგენლებიც. პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ინდოეთის, ყაზახეთის, კენიის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, უგანდის, ბუტანის, ზიმბაბვეს, ტონგას, პერუს, პაკისტანის, მონღოლეთის, ტაჯიკეთის, სამოას, სან-ტომე და პრინსიპის, რუანდისა და ლაოსის წარმომადგენლებმა.
გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კურსს, რომელიც მოიცავდა გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ თემატიკის ფართო სპექტრს – დაცვის კონტროლის მექანიზმებს, კომერციალიზაციას, მარკეტინგს, ასევე, სტრატეგიულ ბრენდინგსა და უახლეს ტენდენციებს, უძღვებოდნენ უცხოელი და ქართველი მომხსენებლები – პროფესორები ალიკანტეს (ესპანეთი) და ვარშავის (პოლონეთი) უნივერსიტეტებიდან, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტები, ასევე, საქპატენტის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს კახეთის რეგიონში ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების მიკროზონები და გაეცნენ სხვადასხვა დასახელების ღვინოების დამზადების პროცესებს.
გეოგრაფიული აღნიშვნების სპეციალიზებული სასერტიფიკატო ტრენინგ-პროგრამა განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დარგის სპეციალისტებს შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 2017 წლიდან დღემდე პროგრამა გავლილი აქვს სხვადასხვა ქვეყნის 140-მდე წარმომადგენელს და კურსის გავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. აღსანიშნავია, რომ 2024 წლიდან შეიცვალა პროგრამის დასახელება, ფორმატი, უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებასა და პრაქტიკულ ასპექტებს, რისთვისაც მოწვეულ იქნენ ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტები აკადემიური წრეებიდან.
საქპატენტისთვის აღნიშნული პროგრამის საქართველოში განხორციელება წარმოადგენს კიდევ ერთ ეფექტიან ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება ბუნებრივ გარემოსა და ტრადიციებთან დაკავშირებული ქართული პროდუქციის რეპუტაციისა და ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო პროფესიულ წრეებში.