ფეთჰულაჰ გიულენი პორტალ „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიას პასუხობს

        საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ ვებგვერდზე ისლამის ცნობილ მქადაგებელ ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით: ,,ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას”, თავად ფეთჰულაჰ გიულენი ეხმაურება და ადვოკატის საშუალებით განცხადებას ავრცელებს.
„კვირას“ მიერ გამოქვეყნებული სტატია „საქართველო –თურქეთის მეგობრობის ასოციაციის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის რომან კვიციანის მიერ გიულენის საქმიანობის შესახებ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებას ეყრდნობა.
კვიციანის მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, გიულენი არაოფიციალურად ხელმძღვანელობს და აფინანსებს საქართველოში არსებულ თოთხმეტ სასწავლებელს და ,,ქართველ მეწარმეთა ასოციაციის” უკან დგას; მანვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გახსნა სასწავლებელი, რომელიც შემდგომში აფხაზეთის ხელისუფლებამ დახურა.
გიულენი ადვოკატის მეშვეობით უარყოფს სტატიაში გამოქვეყნებული მასალის ავთენტურობას და აცხადებს, რომ ყველა ამ საკითხზე დასაბუთებული პასუხის გაცემის საშუალება არ მიეცა. გიულენის საპასუხოდ პორტალ „კვირას“ რედაქცია აცხადებს, რომ სტატია მთლიანად ეყრდნობა რომან კვიციანის მიერ ჩატარებულ კვლევას. “კვირა“ მასალის მომზადებისას დაუკავშირდა სტატიაში ნახსენებ ყველა სასწავლებლის ადმინისტრაციას, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მათ კომენტარისგან თავი შეიკავეს. პორტალი „კვირა“ ფეთჰულაჰ გიულენის სახელით ადვოკატ იოსებ ბარათაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მომმართა ბატონმა ფეთჰულაჰ გიულენმა და მთხოვა დავიცვა მისი ინტერესები, როგორც სასამართლოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში. მან ასევე მთხოვა, გამოვხატო პოზიცია საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ ,,კვირას”ვებგვერდზე, 2014 წლის 27 სექტემბერს გამოქვეყნებულ იმ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომლის სათაურია: ,,ვინ არის ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდებული თურქი, რომელიც საქართველოში არსებული 14 სასწავლებლის უკან დგას”.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველო – თურქეთის მეგობრობის ასოციაციის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რომან კვიციანმა ჩაატარა დამოუკიდებელი გამოძიება და გამოკვეთა სკანდალური დეტალები ბატონი ფეთჰულაჰ გიულენის შესახებ. პუბლიკაციის თანახმად, ბატონი გიულენი არის ის პიროვნება, რომელიც არაოფიციალურად ხელმძღვანელობს და აფინანსებს საქართველოში არსებულ თოთხმეტ სასწავლებელს და დგას ,,ქართველ მეწარმეთა ასოციაციის” უკან; მანვე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გახსნა სასწავლებელი, რომელიც შემდგომში დაიხურა აფხაზეთის ხელისუფლების მიერ. პუბლიკაციის მიხედვით, ბატონმა გიულენმა თავის დროზე მიითვისა მისი მომხრეების მიერ შეკრებილი დიდძალი ფულადი თანხა, მანვე მოახერხა ,,თურქეთის პროკურატურაში შეღწევა” და კერძო სასამართლოების შექმნა და საგანმანათლებლო სფეროს გამოყენებით განზრახული აქვს ,,სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსება”; პუბლიკაციაში ასევე მითითებულია, რომ ბ-ნი გიულენის ხელწერასთან მივყავართ თურქეთში ჩადენილ გახმაურებულ ტერაქტებსა და მკვლელობებს, კერძოდ, სტამბოლში გამომავალი ერთ-ერთი სომხური გაზეთის რედაქტორისა და ტრაბზონში კათოლიკე მღვდლის მკვლელობის ფაქტებს ასევე თურქეთიდან სირიაში იარაღის არალეგალურად გადატანას.
ბატონი გიულენის სახელით, უფლებამოსილი ვარ, განვაცხადო შემდეგი:
1. ბ-ნ გიულენს არასოდეს ჰქონია კავშირი ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც აღვივებენ რელიგიურ კონფლიქტურ კერებს; იგი მრავალი წლის მანძილზე სისტემატიურად იყო ჩართული რელიგიათა და კულტურათაშორის დიალოგის პროცესში, რითიც ხელს უწყობდა და უწყობს ტოლერანტული და მშვიდობიანი გარემოს შექმნას მსოფლიოში (იხ.http://en.wikipedia.org/wiki/Fethullah_Gülen; http://fgulen.com/ge/).
2. პუბლიკაციის ავტორის ყველა ის მოსაზრება, რომელიც შეეხება ბატონი გიულენის თითქოსდა კრიმინალურ საქმიანობას, კერძოდ, მის მიერ თანხების მითვისებას, კავშირს ტერორიზმსა და რელიგიურ ექსტრემიზმთან, მკვლელობებთან, იარაღის უკანონოდ გადატანასთან, ,,თურქეთის პროკურატურაში შეღწევის მცდელობასა” და ,,სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსებასთან”, წარმოადგენს სიცრუესა და ცილისწამებას და არ არის გამყარებული არცერთი რეალური მტკიცებულებით.
3. ბატონი გიულენი არასოდეს ყოფილა საქართველოში; მას საქართველოში არ შეუქმნია არც ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება, არ ხელმძღვანელობს და არ აფინანსებს მათ; ასევე არასოდეს გაუხსნია სასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, არასოდეს ყოფილა რაიმე ფორმით დაკავშირებული ,,ქართველ მეწარმეთა ასოციაციასთან”.
აქედან გამომდინარე, სიმართლეს არ შეესაბამება პუბლიკაციის ავტორის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალის ადმინისტრაციამ ბ-ნ გიულენს არ მისცა შესაძლებლობა, დასაბუთებული პასუხი გაეცა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ყოველგვარი გადამოწმების გარეშე, სრულიად არასწორად იქნა წარმოჩენილი, როგორც ბ-ნი კვიციანის, ისე პუბლიკაციის ავტორის მიერ. იმ შემთხვევაში თუ კვლავაც გაგრძელდება მსგავსი გადაუმოწმებელი, ცილისმწამებლური, პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გამოქვეყნება, იძულებული ვიქნებით, მივმართოთ სასამართლოს კანონით დადგენილი წესით“, – აცხადებს ფეთჰულაჰ გიულენის ადვოკატი იოსებ ბარათაშვილი.
პორტალ “კვირას“ მიერ გიულენის შესახებ 27 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატია იხილეთ შემდეგ ბმულზე: kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები