“სააკაშვილმა და კეზერაშვილმა საბერძნეთის სასამართლოს ახალაიას გათავისუფლების სანაცვლოდ მილიონი ევრო გადაუხადეს“

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის თვითმხილველი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების ყოფილმა მაღალჩინოსნებმა საბერძნეთის სასამართლო მოისყიდეს.
წითელაშვილმა “კვირას“ გაუმხილა, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარის თქმის სანაცვლოდ, საბერძნეთის სასამართლოს მილიონი ევრო გადაუხადა. წითელაშვილის მტკიცებით, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ჩარევით მოხდა.
წითელაშვილის ინფორაციით, დათა ახალაიამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ არ დაეხმარებოდა, მის შესახებ კომპრომატებს ქართულ მხარეს გადასცემდა.
“მაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა და დავით კეზერაშვილმა საბერძნეთის სასამართლო მოისყიდეს. დათა ახალაია მიხეილ სააკაშვილს დაემუქრა, რომ თუ არ დაეხმარებოდა, მასზე არსებულ კომპრომატებს საქართველოს პროკურატურას გადასცემდა. კეზერაშვილმა და სააკაშვილმა ოფშორულ ზონებში გადამალული მილიარდებიდან მილიონი ევრო გადაურიცხეს საბერძნეთის სასამართლოს, რის შედეგადაც საბერძნეთის სასამართლომ დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადიციაზე უარი თქვა“, – განუცხადა “კვირას“ ტრისტან წითელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეს დათა ახალაიას ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარი ეთქვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადიცია საქართველოში არ მოხდება. მისი საქმე ქალაქ პატრას სასამართლომ განიხილა.
დათა ახალაია რამდენიმე თვის წინ საბერძნეთში დააკავეს. პატრასის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალაია იტალიაში გადასვლას ოთარ ურუშაძის სახელით ცდილობდა. საბერძნეთის სასამართლომ ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები