შალვა პაპუაშვილი: ყველა არჩევნებზე ტიპური ცრუ ნარატივია ჩამოწერილი, თითქოს ხდება თანხის დარიგება და ა.შ.
,,მე ვერ ვხვდები რა გაიძულებთ ტყუილების საუბარს, განსაკუთრებით არჩევნების დღეს”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფულის დარიგებას ეხებოდა.
პაპუაშვილის თქმით, ყველა არჩევნებზე ტიპური ცრუ ნარატივია ჩამოწერილი, თითქოს ხდება თანხის დარიგება და ა.შ.
„გეტყვით, რომ, მაგალითად, ოზურგეთში უბნებზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადასატან ყუთებს გაჰყოლოდნენ, რაც არის დარღვევა. მათ, ფაქტობრივად, უარი თქვეს, რომ გადასატან ყუთებს გაჰყოლოდნენ. ასევე, ბათუმში მეორედ შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი უბანზე და გახდა საჭირო მისი გაყვანა.
არის ტიპური ცრუ ნარატივები, რომელსაც ყოველ ჯერზე ფეიკ მედია და ამ შემთხვევაში „ლელოს“ მედია ავრცელებს. ყველა არჩევნებზე ტიპური ცრუ ნარატივი ჩამოწერილი გაქვთ, თითქოს ხდება თანხის დარიგება და ა.შ. იცით, რომ ყველა ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს იყო ტყუილი. ქოლ ცენტრი თქვენს პარტიას, „ლელოს“ აქვს ცენტრალურ ოფისში და თქვენი პარტიის თბილისის კანდიდატი იდგა და თავად ტელეფონზე საუბრობდა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.