ნანუკა ჟორჟოლიანი და სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი და „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
კერძოდ, დაპირისპირება ჟორჟოლიანის პოსტს მოჰყვა, რომელმაც Facebook-ზე დაწერა, რომ სამადაშვილმა D კატეგორიის იტალიის ვიზა აიღო და საცხოვრებლად ელიტურ ემიგრაციაში მიდის.
„მეგობრებო, როცა ვითომ ოპოზიციის წევრები არჩევნებზე გეპატიჟებიან გატყუებენ. აგერ ლელოს წევრმა სალომე სამადაშვილმა უკვე აიღო იტალიის D კატეგორიის ვიზა რაც ნიშნავს იმას რომ საცხოვრებლად მიდის ამ უმაგრეს ქვეყანაში.მისი ბოლო სპეცოპერაცია, ბიძინას რუსული არჩევნები გაუპრავოს იმდენად ეფექტური აღმოჩნდა რომ უძვირეს ქვეყანაში გადაწყვიტა წიგნის დაწერა.ამ ხალხმა უკვე იცის რომ არათუ რამეს გამოგლიჯავენ, ამ ქვეყანაში ცხოვრებას არც კი აპირებენ.ჰოდა ვინც ვაპირებთ აქ დარჩენას, ვიკრიბებით რუსთაველზე“, – დაწერა ჟორჟოლიანმა.
აღნიშნულის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა სამადაშვილს პირად „ფეისბუქ“ გვერდზეც დაუწერა, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა:
„ელიტური“ სიტყვის უადგილოდ გამოყენება ავტორზე მეტს ამბობს, ვიდრე ადრესატზე. ემიგრაციაში წასვლა რომ მინდოდეს, წავიდოდი ისე, დიდი ხნის წინ. ემიგრაციაში არ ვგეგმავ წასვლას, თუმცა ამერიკული გამომცემლობის შეკვეთით ჩემს წიგნზე სამუშაოდ და ევროპულ არქივებში სამუშაოდ ნამდვილად ვგეგმავ ევროპაში ბევრი დროის გატარებას, რასაც მათ შორის კი, ვიზის აღება სჭირდება. მესმის, რომ წიგნის წერა საქართველოს და რეგიონის პრობლემებზე შენთვის ღირებული საქმიანობა არაა, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ხელნაწერები არ იწვის..“, – დაწერა სამადაშვილმა.