ირაკლი კობახიძე: ახალი საფეხბურთო ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის, რომელსაც ჩვენ ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ, ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი და ეს ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
მინდა, მოგილოცოთ ამ არაჩვეულებრივი საფეხბურთო ცენტრის გახსნა, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია რუსთავისთვის, ქალაქისთვის რომელსაც ჩვენ ყველა ძალიან ვგულშემატკივრობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავში, ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სპორტის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, რათა ისინი თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით.
„სპორტის განვითარება არის ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, იმისათვის რომ ახალგაზრდები, ბავშვები თავიდანვე იყვნენ დაკავებულები ჯანსაღი ცხოვრების წესით. ასევე, ჩვენ ვართ გამორჩეული სპორტული ნიჭის მქონე ხალხი, ეს ნიჭი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ამასაც სჭირდება ასეთი ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ, ამ საფეხბურთო ცენტრში ძალიან ბევრი ჩემპიონი გაიზრდება და ძალიან ბევრი ფეხბურთელი გაახარებს ჩვენს გულებს მომავალში“, – განაცხადა პრემიერმა.