შალვა პაპუაშვილი – ბესარიონ ალავიძის ინტერვიუზე: ეს არის ჩვეულებრივი, ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოზე ჰიბრიდული მეთოდებით

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.

„ეს არის ჩვეულებრივი, ორკესტრირებული თავდასხმა საქართველოზე ჰიბრიდული მეთოდებით. ამ უბედურებაში, როდესაც ვუყურებთ ჩვენს თვალწინ როგორ ღალატობენ საკუთარ ქვეყანას, გარკვეული სარგებელიც არის, ვინაიდან ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ პირდაპირ ვიხილოთ და გამოვააშკარაოთ ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას მტრობენ. წელიწადში ერთხელ ეს ადამიანი (ბესარიონ ალავიძე) გამოჰყავთ, რაღაცებს იტყვის, რას საუბრობს ნახევარს ვერავინ იგებს. აბსურდის თეატრია და ეს ყველაფერი არასერიოზულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, იურისტი კახა წიქარიშვილი ასაჯაროებს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს, სადაც ალავიძე საუბრობს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში არსებული „კლანისა“ და ხელისუფლების მხრიდან განიცდიდა ზეწოლას კონკრეტულ საქმეებზე მათთვის სასურველი განაჩენების გამოტანის მიზნით. უზენაესი სასამართლო ყოფილი მოსამართლე ჩანაწერში, მათ შორის ასახელებს შემდეგ საქმეებს: ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნება, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დავა ჯოზეფ ქეისა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავა „მაესტროს“ წილებზე და ა.შ ის საუბრობს მუქარაზე, ქრთამის შეთავაზებაზე, ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც. მოსამართლე ჩანაწერში საუბრობს იმაზე, რომ სუიციდზეც ფიქრობდა.

„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე ავალ და მოსამართლის მანტიით ჩამოვიკიდებ თავს-მეთქი, ასე საჯაროდ. დაინახონ ადამიანებმა, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და ამით ყველა მიხვდება სასამართლოში რა სიტუაციაა – ისეთი ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ვიყავი“, – განაცხადა ალავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები