შალვა პაპუაშვილი: ვიხილეთ ე.წ. სპეცრაზმელების სია, რომელიც აღმოჩნდა ყალბი და აღებულია საარჩევნო, მათ შორის ძველი სიებიდან, სადაც არიან გარდაცვლილი ადამიანები

,,ვიხილეთ ე.წ. სპეცრაზმელების სია, რომელიც აღმოჩნდა ყალბი სია და რომელიც აღებული არის საარჩევნო სიებიდან და, მათ შორის, ძველი სიებიდან, სადაც არიან გარდაცვლილი ადამიანები, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა პროფესია აქვთ და აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არიან ძალოვან უწყებებთან, თუმცა ესეც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ე.წ. სპეცრაზმელების სიის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა ასეთი კამპანიის უკან უცხოური დაფინანსება და მათი მონაწილეობა იკითხება.

“გუშინ ჩვენ ვნახეთ on.ge, რომელიც მართალია მალავს, მაგრამ, სავარაუდოდ, ვხვდებით, რომ დაფინანსებული არის ბრიუსელიდან, ევროკავშირის წყაროებიდან. on.ge-მ რამდენიმე პირის შარშანდელი ერთ-ერთი განცხადება გამოაქვეყნა, როგორც ახალი განცხადება იმისთვის, რომ რაღაც საინფორმაციო ხმაური შეექმნა. მეორე ვიხილეთ ე.წ. სპეცრაზმელების სია, რომელიც აღმოჩნდა ყალბი სია და რომელიც აღებული არის საარჩევნო სიებიდან და, მათ შორის, ძველი სიებიდან, სადაც არიან გარდაცვლილი ადამიანები, სადაც არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა პროფესია აქვთ და აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არიან ძალოვან უწყებებთან, თუმცა ესეც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა, სპეცსამსახურების სახელმძღვანელოდან ამოკითხული იმისთვის, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური, დაბნეულობა საზოგადოებაში და ამ დაბნეულობის ფონზე ისარგებლონ იმისთვის, რომ ყალბი ნარატივებით გამოიწვიონ ემოციური აღტყინებები საზოგადოების ამა თუ იმ ჯგუფში.

ეს ყველაფერი კოორდინირებულია პარტიულ-ენჯეო და მედია სექტორს შორის. ყველა ასეთი კამპანიის უკან იკითხება უცხოური დაფინანსება და მათი მონაწილეობა. ამ ყველა სქემას ძალიან დეტალურად აკვირდება ჩვენი უსაფრთხოების სამსახური, რამდენიმე სქემა გაიშიფრა წინსწრებით და გაუშიფრავი სქემებიც კარგად არის ცნობილი”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები