ეკა სეფაშვილი: ევროპისთვის პრაგმატული თვალსაზრისით, საქართველო არის მნიშვნელოვანი, ცენტრალური მოთამაშე რეგიონში, მის აღმოსავლეთ სამეზობლოში და ჩვენს ქვეყანაზე ურის თქმა აზარალებს უპირველეს ყოვლისა ევროპელებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დანიაში ვიზიტი და იქ არაერთი ქვეყნის, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე ქვეყნის ლიდერთან ირაკლი კობახიძის გამართული პირადი საუბრების შესახებ, ჟურნალისტებთან შეფასება გააკეთა პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პირადი საუბრების დროს, გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა.
მისი თქმით, ურთიერთობების დათბობის პირველი ნიშნები ჩანს კიდეც, თუმცა ეს ერთბაშად და უცებ არ მოხდება.
„დარწმუნებული ვარ, პოზიტივი პირად საუბრებში გაცილებით მეტი იყო. ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი კადრები, როგორ ესაუბრებიან პრემიერ-მინისტრს წამყვანი ქვეყნის ლიდერები და როგორი მეგობრული ჟესტიკულაციაა. დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის პერსპექტივები დაისახა, რომ არაფერი ვთქვათ საფრანგეთის ინიციატივაზე ნარკომანიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლასთან დაკავშირებით, რასაც საქართველოც შეუერთდა. პირად საუბრებში ჩაისახა ბევრი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის პროექტი და ეს ძალიან ბუნებრივია.
ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ იმას, რომ ევროპისთვის პრაგმატული თვალსაზრისით, საქართველო არის მნიშვნელოვანი, ცენტრალური მოთამაშე რეგიონში, მის აღმოსავლეთ სამეზობლოში და ჩვენს ქვეყანაზე ურის თქმა აზარალებს უპირველეს ყოვლისა ევროპელებს, მათ ეკონომიკებს, მოსახლეობას და კეთილდღეობის დონეს.
გარკვეული ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, სხვადასხვა პოლიტიკოსების და „დაუძინებელი მეგობრების” ნეგატიური განცხადებები, სხვადასხვა მცდელობები საქართველოს წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ დროებითი ხასიათისააა. დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან პრაგმატიზმი გაიმარჯვებს. ჩვენ უკვე ვხედავთ ურთიერთობების დათბობის პირველ ნიშნებს, თუმცა არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ერთბაშად და უცებ მოხდება. მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ. ჩვენი ეს პოლიტიკა და სტრატეგია შედეგს აუცილებლად გამოიღებს,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.