ეკა სეფაშვილი: თვითმმართველობის არჩევნებზეც თითოეული ხმა არის გადამწყვეტი, რადგან საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს მშვიდობას
„ხვალ, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, „ქართული ოცნება” მორიგ ჯერზე, მეათედ გაიმარჯვებს. ეს არის ცალსახა და ამას ელოდება ყველა, მათ შორის, ის ოპოზიცია, რომელიც კამერების წინ ტყუილად ბაქიბუქობს და რომელთა მოწოდებების ძირითადი შინაარსი ძალადობაა”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებზეც თითოეული ხმა არის გადამწყვეტი, რადგან საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს მშვიდობას.
„ქართული ოცნების” გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ვითარება მარტივი არ არის. საქართველო ჯერ კიდევ დგას დესტაბილიზაციის საფრთხის წინაშე, რაც გამოიხატება საზღვარგარეთიდან ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლაში. საქართველოს ჩართვა ისევ სურთ ომში და ეს საფრთხე ჯერ არ განელებულა. ვიღაცამ შეიძლება იკითხოს – ადგილობრივ არჩევნებთან რა შუაშია ცენტრალური ხელისუფლება და ომის საფრთხეო, მაგრამ, სინამდვილეში, კავშირი პირდაპირია. თვითმმართველობის არჩევნებში მოქალაქეების მასობრივ მონაწილეობას და მათ მიერ არჩევანის დაფიქსირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ხელისუფლებას გარე ზეწოლისა და შემოტევების წინააღმდეგ კვლავ უწევს ბრძოლა და ამ პროცესში მას ხმამაღლა და მტკიცედ უნდა შეეძლოს იმის განცხადება, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს იმ კურსს, რომელსაც ხელისუფლება „ხალხის ძალასთან” ერთად ახორციელებს. ჩვენ ამ საქმეში გაერთიანებული ძალებით გამოვდივართ, ღირებულებითი სხვაობა არ გვაქვს. გახსოვთ ისიც, რომ „ხალხის ძალა” იყო ის პირველი პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც ხმამაღლა და ღიად დაიწყო ამ ყველაფერზე საუბარი.
შეიძლება ამომრჩეველი მოდუნდეს იმის გამო, რომ გაიფიქროს, გამარჯვება მაინც მმართველ გუნდს ექნება და რა საჭიროა ჩემი მისვლაო, მაგრამ არა, ასე არავინ უნდა იფიქროს, რადგან ახლაც თითოეული ხმა არის გადამწყვეტი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს მშვიდობას და იმ მმართველ ძალას, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს მუნიციპალიტეტების, რეგიონებისა და სოფლების განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ამაზე არავინ არ დავობს და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები თუ სოციალური პროექტები სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ ის პრობლემები, რომელიც საქართველოში დღეს არსებობს, ნელ-ნელა და ეტაპობრივად გადაიჭრას. თუმცა, ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა არ იქნება შენარჩუნებული”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.