შალვა პაპუაშვილი – მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან
„მიხეილ სააკაშვილი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან,“– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობის ნებისმიერი სახის ნორმალიზება, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ქვეყნის გარედან ძალადობის წაქეზებიის მცდელობა, შესაბამისად, ყველა, ვინც აქეზებს ძალადობას არის ძალადობის მონაწილე.
„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც სრულად დაკავშირებულია მათ შორის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ის უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ოპერაციის შედეგად შემოაპარეს საქართველოში 2021 წელს, რათა საქართველოში არეულობა მოეწყოთ. ეს ვიცით უკვე, მათ შორის იმ მტკიცებულებებიდან, რომელიც ამ პროცესში არის წარმოდგენილი, რომ უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ ამაში უშუალოდ ჩართული. უკრაინის სპეცსამსახურებს, თავის მხრივ, რომელ სპეცსამსახურებთან აქვთ კავშირი, ეს მგონი, ისედაც ჩანს. ასე რომ, ფაქტია, ვისი დავალებით მოქმედებს სააკაშვილი ახლა უკვე ციხიდან, მანამდე უკრაინიდან. რაც შეეხება ძალადობის ნებისმიერი სახის ნორმალიზებას, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის მცდელობები, მათ შორის ქვეყნის გარედან, ძალადობის წაქეზების. შესაბამისად, ყველა, ვინც აქეზებს ძალადობას არის ძალადობის მონაწილე.
მთავარი პრობლემა მათი ის არის, რომ არიან სრული დამჯერი მათი უცხოელი მფარველებისა და მათი უცხოელი მფარველები კი შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. დააყრევინეს მანდატი, დატოვეს ქუჩაში და ამის შედეგს იმკიან საბოლოო ჯამში. არიან შესული იმ სპირალში, რომლიდანაც ისინი ვერ გამოვლენ და 4 ოქტომბრის არჩევნები ამიტომაც არის მნიშვნელოვანი. ეს იქნება წყალგამყოფი დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ძალებს შორის. წყალგამყოფი მათ შორის, ვინც თანახმაა, იყოს ნაწილი დემოკრატიული პროცესისა და მათ შორის, ვინც 4 ოქტომბრის შემდეგ უკვე გამოცხადდება, იქნებიან უკვე ანტიდემოკრატიული ძალები. ვგულისხმობ პარტიებს, რომლებიც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, რომლებიც აანონსებენ ძალადობრივ აქციებს, ვგულისხმობ იმ „ენჯეოებს“, რომლებიც ამბობენ, რომ არ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას და ძალადობრივ აქციას უერთდებიან, ვგულისხმობ მათ შორის იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც ამ ძალადობის მედიამხარდაჭერას და პროპაგანდას ახორციელებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.