შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ

,,არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა.

„ყველას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, ჰქონოდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ნახეთ, რომ ტრადიციულად ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან. „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე – სოფელ-სოფელ, ყველა უბანში, ყველა ოჯახში. ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რათა გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები. ჩვენი საერთო დაკვირვებაა, მათ შორის ადგილზე ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია პასიური იყო რეგიონებში, თბილისში მეტნაკლებად ვხედავთ აქტივობას, თუმცა, ისევე როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა უშუალოდ მოქალაქეებთან შეხვედრა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ, რომ არის მცდელობა კიდევ ერთხელ, რომ საბოტაჟი არჩევნების მოაწყონ. ამ მხრივ, განსაკუთრებული მდგომარეობაა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოცხადებულია არჩევნების საბოტაჟი არა მხოლოდ მასში მონაწილეობაზე უარის თქმით, რაც განაცხადა ორმა ბარიერგადალახულმა პარტიამ, არამედ არჩევნების პარალელურად, ძალადობრივი აქციის დაანონსებით და არჩევნების ჩაშლის მუქარით.

ვნახეთ, რომ პარტიების კოორდინირებული მოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიის ზოგიერთ წამომადგენელთან, რომლის მცდელობაც არის, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე. მათ შორის ვხედავდით პარადოქსულ განცხადებებს, როდესაც საუბარია დამხობაზე და ცდილობენ, წინასიტყვა – მშვიდობიანის დამატებით რაღაცნაირად კანონთან თითქოს შესაბამისობაში მოიყვანონ, რაც არის სრული აბსურდი. აქვე მივუთითებ, რომ ამაზე მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა ლეგიტიმურ ჯიჰადზე, ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად წინსართი – ლეგიტიმურის დამატებით ცდილობდა თითქოს ამისთვის მიეცა ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა, დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით. სტრასბურგის სასამართლოს მიღებული აქვს ამაზე გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ ტერმინოლოგიის გამომგონებლები მინდა, დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. ნათქვამი სიტყვა უკვე არის, ვერაფერს შეცვლიან. საუბრობენ დამხობაზე, საუბრობენ 4-ში დაწყებასა და დასრულებაზე. ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ვგულისხმობ, რომელსაც სურს, რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, საუბრობს არჩევნებზე დილით და საღამოს დამხობაში მონაწილეობაზე. ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი საბოტაჟი არჩევნებისა, რომ მომხდარიყო არჩევნების საბოტაჟი. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები