„არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედია არის აკრედიტებული გაშუქების მიზნით,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ხვალ იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების 2000-ზე მეტ წევრს. ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედიაა აკრედიტებული დაკვირვების და გაშუქების მიზნით. ჯამში 2500-ზე მეტი დამკვირვებელი და მედია წარმომადგენელი იქნება, ვისაც ექნება საშუალება დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები. 12 პარტია იღებს მონაწილეობას არჩევნებში. კანდიდატების რაოდენობაც არის დიდი. იცით, რომ დედაქალაქში მერობის 9 კანდიდატია. წინასაარჩევნო გარემომ ჩვენს თვალწინ ჩაიარა და მეტწილად მშვიდი ვითარება იყო. ყველას ჰქონდა საშუალება, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. ტრადიციულად, ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.