ირაკლი ქადაგიშვილი: დღევანდელი საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმით, რომ ოპოზიციის სიმძიმის ცენტრი გადატანილია ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ და რევოლუციის მიმართულებით, რაც კარგად აჩვენებს პოლიტიკური ოპოზიციის აცდენას დემოკრატიული პროცესებისგან
,,ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებით მოხდება არა მარტო თვითმმართველობის ფორმირება მთელი საქართველოს მასშტაბით, არამედ საბოლოო ჯამში გაბანკროტება ამ უკიდურესი რადიკალიზმისა და გარედან წაქეზებული ფატალური სცენარი საბოლოოდ ჩაიშლება”,- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმით, რომ ფაქტობრივად ოპოზიციის სიმძიმის ცენტრი და რიტორიკა გადატანილი არის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ და რევოლუციის მიმართულებით.
„საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნები, როგორც წესი შედარებით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს ხოლმე, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პოლიტიკური ხელმძღვანელობს შეცვლას არ გულისხმობს. მაგრამ თავისი დატვირთვა მაინც გააჩნია. მაგალითად, ყველა ნორმალური პარტია ცდილობს ხოლმე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ან გაიუმჯობესოს არსებული მისი პოლიტიკური წონა, გაიუმჯობესოს შედეგი, მოიპოვოს გარკვეული წარმატება თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. მაგრამ დღევანდელი საარჩევნო კამპანია გამოირჩევა იმით, რომ ფაქტობრივად ოპოზიციის სიმძიმის ცენტრი და რიტორიკა გადატანილი არის ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ და რევოლუციის მიმართულებით, რაც თავისთავად არ აკნინებს თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას მაგრამ კარგად აჩვენებს პოლიტიკური ოპოზიციის აცდენას დემოკრატიული პროცესებისაგან. „ლელოც“ კი რომელიც ამ არჩევნებში იღებს მონაწილეობას, მისი თბილისის მერობის კანდიდატის განცხადება ამაზე მიუთითებს – „დღის პირველ ნახევარში მიბრძანდით საარჩევნო ყუთებთან, დღის მეორე ნახევარში მოდით მიტინგზეო.“ ანუ ამით ის ფაქტობრივად ადასტურებს იმას, რომ მას გამარჯვების, წარმატების არანაირი შანსი და იმედი არ გააჩნია ამიტომ უკვე ცდილობს, რომ თავისი თავისი წარუმატებლობა გადაფაროს თავისი ამომრჩევლის მიტინგზე მიპატიჟებით.
მე საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებით მოხდება არა მარტო თვითმმართველობის ფორმირება მთელი საქართველოს მასშტაბით და ამას წინ აბსოლუტურად ვერაფერი ვერ დაუდგება, არამედ მოხდება საბოლოო ჯამში გაბანკროტება ამ უკიდურესი რადიკალიზმისა, რომელიც პრინციპში არ ცნობს სახელმწიფო ინსტიტუტებს, არ ცნობს კონსტიტუციას, არ ცნობს არჩევნების ფენომენს. გამომდინარე აქედან ყოველთვის ეძებს, რაღაც ისეთ ექსცესს, ისეთ არეულობას, ისეთი ფატალური მდგომარეობის შექმნას ქვეყანაში, რაც მათი აზრით მათ ხელისუფლებაში დაბრუნების საშუალებას მისცემს. მე ვფიქრობ, რომ ამ არჩევნებში გარედან ნაკვები და გარედან წაქეზებული ფატალური სცენარი საბოლოოდ ჩაიშლება, საბოლოო გაშიფრული იქნება. და საბოლოო ჯამში ეს უკვე საქართველოს საკმაოდ წინააღმდეგობებით სავსე ისტორიაში გადაშლილი ფურცელია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.