გიორგი კალანდარიშვილი:  ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით

,,ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს ხელი შეუწყონ არჩევნების დაკვირვების და გაშუქების უმნიშვნელოვანეს პროცესს, კანონით დადგენილი წესების ზედმიწევნით დაცვით”,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში იმოქმედებს.

,,ამასთან, მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დაიცვან კანონმდებლობა, არ ჩაერიონ კომისიების ფუნქციებსა და საქმიანობაში და ამით ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და საქმიანობაში ჩარევის ან ხელის შეშლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართავს კანონით დადგენილ მექანიზმებს.

არჩევნები საერთო საქმეა და სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, მოვიდნენ არჩევნებზე და გამოიყენონ საკუთარი არჩევანის უფლება, ასევე მივმართავ ჩართულ მხარეებს – რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, მედიას – ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში წარმართვას. თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისა და მთლიანობის უზრუნველსაყოფად.

დეტალური ინფორმაცია საარჩევნო უბნების, აქტივობებისა თუ სხვა საქმიანობებისა და სტატისტიკის შესახებ, განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ასევე, მიეწოდებათ მედია საშუალებების წარმომადგენლებს გავრცელების მიზნით.

საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება არჩევნებს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, ეს არის მუნიციპალიტეტის ორგანოთა პირველი არჩევნები, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის პროცედურების სისწრაფეს, სიმარტივეს და უზრუნველყოფს გამჭვირვალობას”,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები