ნოდარ ხადური EBRD -ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველს, EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ბენეტს (Philip Bennett) შეხვდა, რომელიც საქართველოში პირველად იმყოფება.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წლის 13-15 მაისს თბილისში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ჩატარება იყო.
ფინანსთა მინისტრმა, როგორც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია კომისიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
„EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის თბილისში ჩატარება საქართველოსთვის, მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესების საკითხებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკმა ამ მიმართულებით ერთობლივად უნდა გადადგან. ასევე განვიხილეთ ახალი პროექტები, რომელთა დაფინანსებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს EBRD-ის შეღავათიანი ფინანსური რესურსები,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
„საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია. მოუთმენლად ველით თბილისში EBRD-ის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებას, რომელიც მომავალი წლის მაისში გაიმართება. დღეს გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. ვისაუბრეთ აღნიშნული ღონისძიების აგრეთვე, ბიზნეს-ფორუმის ჩატარების მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებებზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკს მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ საინვესტიციო გარემოთი, რომელიც საქართველოშია, თუმცა გვესმის, რომ არის სირთულეები, რომელთა გადაწყვეტისთვის აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან,“ – განაცხადა EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა ფილიპ ბენეტმა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის, მოლდოვასა და ბელარუსის წარმომადგენლობების დირექტორი ბრუნო ბალვანერა (Bruno Balvanera), ფრანსის მალიჟე( Francis Malige) EBRD-ში აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის მმართველი დირექტორი და სამთავრობო კომისიის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები