შალვა პაპუაშვილი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე: ყველა გადაღეჭილი ხრიკია, რასაც ჩვენ ვხედავთ, რეზოლუციები არჩევნების წინ და ა.შ. – არაფერი ახალი არ არის ამ დედამიწაზე და მათ შორის არც ეს მეთოდებია ახალი
ყველა გადაღეჭილი ხრიკია, რასაც ჩვენ ვხედავთ. რეზოლუციები არჩევნების წინ და ა.შ. არაფერი ახალი არ არის ამ დედამიწაზე და მათ შორის არც ეს მეთოდებია ახალი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ჯამში 612 წევრი ჰყავს, თუმცა საქართველოსთან დაკავშირებულ რეზოლუციას მხოლოდ 65-მა ადამიანმა მისცა ხმა.
„წარმოგიდგენიათ, პარლამენტში კანონებს რომ ვიღებდეთ 12 წევრის მხარდაჭერით. ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ მისცენ საწვავი ოპოზიციას. ინიციატორი იყო „ევროპის სახალხო პარტია“ და „ალდე“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „დროას“ პარტნიორი პარტიები, რომლებსაც არანაირი ემპათია და თანაგრძნობა ქართველების მიმართ არ აქვთ. ეს არის აბსოლუტურად მშრალი პოლიტიკური გათვლები სხვა ქვეყნებში საკუთარი მარიონეტების დასმის, ამას დაამსგავსეს დღეს ევროპაში ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალებმა ის მდგომარეობა, რასაც ჩვენ ვხედავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.