შალვა პაპუაშვილი: ფაქტობრივად სამიზნეები გახადეს ქართველი სპეცრაზმელები და მათი ოჯახები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკოდილერებისთვის და ტერორისტებისთვის – ეს არის პირდაპირ „ლელოს“ და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული კამპანია

ფაქტობრივად სამიზნეები გახადეს ქართველი სპეცრაზმელები და მათი ოჯახები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკოდილერებისა და ტერორისტებისთვის. ეს არის პირდაპირ „ლელოს“ და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული კამპანია, –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამოქვეყნებულ გდდ-ს თანამშრომლების „ახალ სიასთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კამპანია „ლელოს“ დაგეგმილია.

„ეს არის ამომრჩეველთა სპეცსიები, რომელიც მათ შორის არის სამართალდამცავი ორგანოებისთვის, სპეცუბნებისთვის გამოყოფილი. სავარაუდოდ, ძველი სია აქვთ აღებული და ერთმანეთშია არეული. ამაზე წვდომა აქვს „ლელოს“, რომელიც ცესკოშია და მათ მიერაა [სიები] დამუშავებული და მივაქციოთ ყურადღება რა მოხდა. მოხდა ისე, რომ ვიღაც ლევან ბესელიას [„ფეისბუქის“] ანგარიშით, რომელიც ყალბი ანგარიშია, დღეს გახსნილი და ერთი მეგობარი ჰყავს, ისიც ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, დაიდო ეს სია და შემდეგ აიტაცა ხაზარაძის ტელევიზიამ, ვითომ ეს [ანგარიში] წყაროდ გამოიყენა და დაიწყო სპეცრაზმელების ძიება. ხაზარაძის ჟურნალისტები სახლში მიადგნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა სამართალდამცავი უწყებების მებრძოლებს – სპეცრაზმელებს, რომლებიც ყოველდღე, 24 საათი შუბლს უშვერენ ტყვიას.

როცა საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე, ისევე, როგორც სხვა სპეცდანიშნულების რაზმებზე, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახურსა, თუ ფინანსთა სამინისტროში, ესენი არიან ადამიანები, ნარკოდანაშაულზე რომ შეიპყრობენ ხოლმე დამნაშავეებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე რომ ითქვა აშშ-იდან ახლახან, ეს ადამიანები არიან, ვინც ზრუნავს იმაზე, რომ გაუვნებელყოფილი იყვნენ დამნაშავეები და შუბლს უშვერენ ტყვიას, რომ მშვიდად ეძინოს ხაზარაძესაც და იმ დონორებსაც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ.

ამ ადამიანების პერსონალური ინფორმაცია გაასაჯაროვეს და ფაქტობრივად სამიზნეები გახადეს ქართველი სპეცრაზმელები და მათი ოჯახები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკოდილერებისთვის და ტერორისტებისთვის. ეს არის პირდაპირ „ლელოს“ და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული კამპანია. არჩევნები ჩაივლის და ამას ყველა დაუმახსოვრებს „ლელოს“, რომელიც ღალატობს საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები