მაკა ბოჭორიშვილი: გამჭვირვალობის მსგავსი კანონები მოქმედებს ბევრ სახელმწიფოში, თუმცა არ გვინახავს ამის საფუძველზე რევოლუციის მცდელობები, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან

არასამთავრობო ორგანიზაციებს ან უცხოურ დაფინანსებას როცა ეხება საქმე, მსგავსი კანონები მოქმედებს ბევრ სახელმწიფოში, თუმცა ჩვენ არ გვინახავს ამის საფუძველზე რევოლუციის მოწყობის მცდელობები, რაც ვნახეთ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნული კომენტარი ჟურნალისტის კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში პირველი ოქტომბრიდან „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემის“ ძალაში შესვლას ეხებოდა.

მაკა ბოჭორიშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.

„ძალიან მარტივი რამაა – ბევრ ქვეყანაში მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა ან წესები, როდესაც საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს ან უცხოურ დაფინანსებას, თუმცა არცერთ შემთხვევაში მსგავსი წესები არ იწვევს გაღიზიანებას, ისეთ აჟიოტაჟს, როგორიც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში. როდესაც ჩვენ ვამბობთ ამას ევროპელ კოლეგებთან, რომლებიც სიღრმეებში არ არიან ჩახედული და შეიძლება, არ აქვთ სრული ინფორმაცია, რა ხდებოდა გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოში და მივდივართ გამჭვირვალობის კანონთან, ხშირად ეს გარკვეულ გაკვირვებასაც კი იწვევს ხოლმე, რადგან მსგავსი კანონები მოქმედებს ბევრ სახელმწიფოში, თუმცა არ გვინახავს ამის საფუძველზე რევოლუციის მოწყობის მცდელობები, რაც ვნახეთ საქართველოში. ისევ და ისევ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერი საკითხის გამოყენებასთან“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები