პროკურატურა: სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები (ვიდეო)

საქართველოს მთავარი პროკურატურა ბაჩო ახალაიას მიმართ საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო.
„დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა საქმის განხილვა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისათვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. ბაჩანა ახალაია, რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით ბაჩანა ახალაიას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თვისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. ასევე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლითა და 3 თვის ვადით. ბრალდებულები გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა, რომელთაც ბრალი ედებოდათ ჯგუფურად, სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 109 მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თვისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გათვალისწინებით ბრალდებულებს საბოლოდ მიესაჯათ 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებული მეგის ქარდავა, რომელიც ამჟამად იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ და რომელსაც ბრალი ედებოდა ციხეში პატიმართა წამების ფაქტზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სსკ-ს 1441 მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით მეგის ქარდავას დანიშნული სასჯელი შუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 6 თვის ვადით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2006 წლის 12 იანვარს ხელისუფლების იმჟამინდელმა წარმომადგენლებმა ძმებმა დავით და ბაჩანა ახალაიებმა გადაწყვიტეს სისასტიკის დემონსტრირებით ძალაუფლების განმტკიცება და საყოველთაო შიშის დანერგვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ამ მიზნით ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, არნახული სისასტიკით იქნა ჩაცხრილული ციხეზე თავდამსხმელებად გამოაცხადებული, სინამდვილეში კი სრულიად უდანაშაულო სამი ახალგაზრდა – შოთა გორგაძე, მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე. აღნიშნული ქმედება ავტორებმა სპეცოპერაციად გამოაცხადეს და მისი შენიღბვის მიზნით მაშინდელი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბაჩანა ახალაიას ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით მოხდა პატიმრების წამება. კერძოდ, პატიმრები გააშიშვლეს ციხის ეზოში, ხელკეტებისა და ავტომატების გამოყენებით სცემეს და იანვრის ღამეს გაუსაძლის სიცივეში ცემით დაყარეს ტალახში და ნახევარი საათის განმავლობაში არ აძლევდნენ ფეხზე წამოდგომის საშუალებას. გარდა ამისა, პატიმრების წამება მეშვიდე დაწესებულებაში ელექტოშოკის გამოყენებით განხორციელდა, რამაც პატიმრების ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა გამოიწვია.
სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განაჩენით დადასტურდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომლებმა: გიორგი მაზმიშვილმა და ლევან ქარდავამ, გიორგი დგებუაძესა და დავით ახალაიასთან ერთად ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ჩაიდინეს აღნიშნული დანაშაული. ასევე დადასტურდა, რომ ბაჩანა ახალაიამ იმავე დღეს სასურველი ჩვენების მისაღებად სასტიკად აწამა 6 პატიმარი.აღნიშნულ საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით ახალაიას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გიორგი დგებუაძეს. მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს და განიხილება მათი საქართველოში ექსტრადირების საკითხი“, – ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=OA8Tw5DSJVE” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები