“ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას ქალაქს ალყა თითქმის სრულად შემოარტყეს” – ისრაელ კაცი
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, ისრაელის ჯარები ღაზას ქალაქის სრულ ალყას უახლოვდებიან.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად ნეცარიმის დერეფნის დასავლეთ ნაწილს სანაპირომდე იკავებენ.
“ეს გაამკაცრებს ღაზას ქალაქის გარშემო ალყას და ყველა, ვინც მას სამხრეთისკენ დატოვებს, იძულებული იქნება, IDF-ის საკონტროლო პუნქტები გაიაროს“, – ამბობს კაცი.
მანამდე, სამხედროებმა განაცხადეს, რომ ღაზაში რაშიდის სანაპირო გზა ქალაქამდე ჩრდილოეთის მიმართულებით გადაადგილებისთვის დაიკეტებოდა.
კაცის თქმით, ღაზას ქალაქში დარჩენილები „ტერორისტები და ტერორის მხარდამჭერები“ იქნებიან.
“ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა შესაძლებლობისთვის ემზადება და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააგრძელოს ოპერაციები ყველა მძევლის დაბრუნებამდე და ჰამასის განიარაღებამდე”,- აღნიშნა მინისტრმა.