ნათია თურნავა ფრანკფურტის საფონდო ბირჟას ეწვია
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებული SIBOS-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ფრანკფურტის საფონდო ბირჟას ეწვია.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საფონდი ბირჟაზე სტუმრობისას ნათია თურნავა Deutsche Börse Group-ის წევრი ელექტრონული სავალუტო (FX) და გარებირჟული (OTC) დერივატივებით ვაჭრობის წამყვანი გლობალური კომპანია 360T-ის მთავარ ოფიცერს სებასტიან ჰოფმან-ვერტერს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ეროვნული ბანკის სურვილზე განავითაროს საშუალო ზომის სავალუტო (FX) სავაჭრო ბაზარი, რაც ხელს შეუწყობს ყიდვა-გაყიდვის ფასებს შორის სხვაობის შემცირებას და ბაზარზე სავაჭრო მოცულობების ზრდას. მისივე თქმით, არსებობს გაძლიერებული მარეგულირებელი ზედამხედველობის საჭიროება, რაც უზრუნველყოფს ბაზრის მოწესრიგებულ ფუნქციონირებას და ბაზრის მსხვილი მონაწილეების მხრიდან მანიპულაციური ქმედებების არარსებობას.
„ვიმედოვნებთ, რომ 360T-ის გუნდი მხარს დაუჭერს ქართული სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ელექტრონულ ვაჭრობაში მათი ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებაში, რითაც შეიქმნება პოტენციალი ბაზრის ისეთი უფრო რთული პროდუქტებით გაფართოებისთვის, როგორიცაა სავალუტო ფორვარდები და დერივატივები. თქვენს კომპანიასთან გრძელვადიანი პარტნიორობისთვის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი პლატფორმის წარმატებით გაშვებაა. ვიმედოვნებთ, რომ 360T-თან პარტნიორობა ნაყოფიერი იქნება და მოიცავს ტექნოლოგიურ დახმარებას და სხვა წამახალისებელ მექანიზმებს, როგორიცაა მონაწილე ორგანიზაციებთან მუშაობა როგორც დანერგვის, ისე მომავალში წარმოქმნილი პრობლემების აღმოფხვრის ეტაპებზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ შეხვედრაზე.
თავის მხრივ, კომპანია 360T-ს წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ ბანკთან და ქართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების მზაობა გამოთქვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს 10-მდე კომერციული ბანკის წარმომადგენლები, რომლებიც SIBOS-ის კონფერენციაში მონაწილეობენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა SWIFT-ის მიერ ორგანიზებულ SIBOS-ის უმსხვილეს საერთაშორისო კონფერენციაზე, მთავარი მომხსენებლის რანგში წარდგება, რაც პირველი შემთხვევაა სებ-ის პრეზიდენტების ისტორიაში.
კომპანია 360T, 2015 წლიდან კომპანია Deutsche Börse AG-ის ნაწილია და რეგულირდება გერმანიის ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
კომპანია სპეციალიზებულია ვებზე დაფუძნებული სავაჭრო ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რაც კლიენტებს საშუალებას აძლევს, ივაჭრონ გარებირჟული (OTC) ფინანსური ინსტრუმენტებისა და სავალუტო (FX) დერივატივების ფართო სპექტრით. მისი მულტი-საბანკო პლატფორმა კორპორატიულ ხაზინებს, აქტივების მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და ბანკებს ლიკვიდობის პროვაიდერების ფართო ქსელთან აკავშირებს.
სამუშაოს ჰიბრიდული შესრულების შესაძლებლობებით, 360T მონაწილეებს საშუალებას აძლევს, წვდომა ჰქონდეთ როგორც გარებირჟულ (OTC) გარიგებებზე, ასევე საბირჟო ან კლირინგულ სავალუტო (FX) პროდუქტებზე, რაც უზრუნველყოფს მოქნილობას შესრულებასა და ანგარიშსწორებაში.