„ბაჩო ახალაიამ მწამებლური სისტემა შექმნა, ის გაცილებით მაღალ სასჯელს იმსახურებდა“

“ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთვის და მასთან ერთად ბრალდეული პირებისთვის გამოტანილი განაჩენით უკმაყოფილოა. კაკაბაძე „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბაჩო ახალაია სერიულ წამებებში და მწამებლური სისტემის შექმნაში მონაწილეობდა და ის გაცილებით მაღალ სასჯელს იმსახურებს, ვიდრე 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთაა.
კაკაბაძე ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემას დღესაც ყოფილი ხელისუფლების ექსლიდერები მართავენ, რაც სასამართლო განაჩენებზე აისახება.
“ახალი ხელისუფლების პირობებშიც კი სასამართლო კვლავ “ნაციონალურ მოძრაობაზეა“ დამოკიდებული და მოსამართლეები კვლავ მათი გავლენის ქვეშ იმყოფებიან. დღეს მოსამართლეს სხვა გზა არ ჰქონდა და ამიტომ შეუფარდა ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა ეს სასჯელიც არაადეკვატურია იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც მწამებლური სისტემა ჩამოაყალიბა. ბაჩო ახალია არის სერიული წამებების მონაწილე და ის შესაბამისად უნდა დაისაჯოს“, – განუცხადა “კვირას“ ნანა კაკაბაძემ.
კაკაბაძე კიდევ უფრო მეტ უსამართლოს უწოდებს ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიას 333-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ფაქტს.
კაკაბაძის თქმით, ზოგიერთ პატიმარს გაუგებარი და შეთითხნილი ბრალდებებით 20 და მეტი წელი აქვთ მისჯილი, ამ ფონზე კი ბაჩო ახალია მართლდება.
“თუ ბაჩო ახალაიას გამართლება შეიძლება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მაშინ რატომ სხედან ციხეებში ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად გაუგებარი ბრალდებებით 20-30 – წლიანი სასჯელები აქვთ მიღებული, მათ რა დააშავეს?! ქართული საზოგადოების უმრავლესობას თავის კანზე აქვს გადავლილი ბაჩო ახალაიას მიერ შექმნილი დაუნდობელი სისტემის შედეგები, ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
რაც შეეხებაა ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულების სასჯელის ზომას, კაკაბაძე აცხადებს, რომ აღნიშული პირები ბაჩო ახალაიას დირექტივების შემსრულებლები იყვნენ, ამიტომ ის ფაქტი, რომ ახალაიას სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ქარდავას და მაზმიშვილს 11-11 წელი მიესაჯათ, გაუგებარია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ.ნავთლუღის სპეცოპრაციის საქმეზე ბაჩო ახალაია 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ითვალისწინებს, გამართლდა. 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) და 144-ე მუხლის (წამება) საფუძველზე კი თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა მას მიესაჯა.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ლევან ქარდავას, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობის მუხლი ჰქონდა წარდგენილი, 11 წლით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს გიორგი მაზმიშვილს კი, 11 წელი მიესაჯა. ძებნილ მეგის ქარდავას მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, თავისუფლების 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები