“რუსეთი უკრაინაში სამართლიან ბრძოლას აწარმოებს, რათა დაიცვას უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მაცხოვრებლების არჩევანი, რომლებსაც სურთ იყვნენ თავიანთ სამშობლოსთან, რუსეთთან“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ჩანაწერი სამშაბათს, 30 სექტემბერს, მოსკოვის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილების ანექსიის მესამე წლისთავის აღსანიშნავად გავრცელდა.
ამავდროულად, პუტინმა აღიარა, რომ 2022 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის რეგიონების მაცხოვრებლები კვლავ აწყდებიან „ბევრ აქტუალურ, გადაუდებელ პრობლემას“.
„ეს მოიცავს პირველადი მნიშვნელობის საკითხებს, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, როგორიცაა საიმედო წყალმომარაგება, ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომა და ა.შ.“, – თქვა პუტინმა.
შეგახსენებთ, საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ვლადიმერ პუტინმა 2022 წლის სექტემბერში, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ჩატარებული „რეფერენდუმების“ შემდეგ, მათი რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა გამოაცხადა.