აფბა – სავალუტო რეზერვების რეკორდული ზრდა ლარის მიმართ ნდობას ამყარებს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” შეფასებით წლის განმავლობაში საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა ადასტურებს, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა გაზრდილია და გრძელვადიან პერსპექტივაში ლარის სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში სავალუტო ბაზარზე შეისყიდა 1.49 მილიარდი აშშ დოლარი, რის შედეგადაც ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებმა აგვისტოს ბოლოს მიაღწია 5.2 მილიარდ აშშ დოლარს. მხოლოდ აგვისტოში, „Bmatch“ პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, რეზერვები 199.6 მილიონი დოლარით გაიზარდა.

აფბას განმარტებით, აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდითა და მაკროეკონომიკური სტაბილურობით. წლის განმავლობაში მუდმივად იზრდებოდა ექსპორტის მოცულობა, აგვისტოში ფულადი გზავნილები 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 8 თვეში 3.1 მილიარდ დოლარს მიუახლოვდა.

„ყველა ეს ფაქტორი ზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას და აძლევს ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას, რომ სისტემატურად გაზარდოს სავალუტო რეზერვები,“ – აცხადებენ აფბაში.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, ლარის მიმართ გაზრდილ ნდობას ადასტურებს წინასაარჩევნო პერიოდში ლარის სტაბილურობაც. წინა წლებში, მსგავს პერიოდებში, ლარს ხშირი რყევები ახასიათებდა, რასაც ეროვნული ბანკის მხრიდან რეზერვების ხარჯვა სჭირდებოდა, ხოლო წელს ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს და სექტემბერში მხოლოდ მცირედ გაუფასურებას ჰქონდა ადგილი.

“როგორც წესი, ეროვნული ვალუტა მუდმივად სენსიტიურია პოლიტიკური პროცესების მიმართ და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ლარს მნიშვნელოვანი რყევები ახასიათებს. თუნდაც შარშან, ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟისა თუ სხვა მსგავსი პროცესების გამო, წინასაარჩევნო პერიოდში ეროვნული ვალუტა საკმაო რყევებით ხასიათდებოდა და ეროვნულ ბანკს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებიდან 600 მილიონი დოლარის მიწოდება დასჭირდა ბაზრისთვის. თუმცა წელს სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია, ეროვნული ვალუტა ინარჩუნებს სტაბილურობას, ხოლო სები საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას განაგრძობს”, – აცხადებენ აფბაში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ თუკი ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური პროცესები არ დაიძაბა და ამით ქვეყნის ეკონომიკას ზიანი არ მიადგა, წლის განმავლობაში მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და ეროვნულ ბანკსაც ექნება შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს სავალუტო რეზერვები. აფბას შეფასებით, სხვა თანაბარ პირობებში, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები წლის ბოლომდე 5.5 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები