მარიამ ქვრივიშვილი: „ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს ჩვენი ქვეყნიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები”

„ნამდვილად შთამბეჭდავია ჩვენი ქვეყნის მიღწევები, განსაკუთრებით ტურიზმსა და ავიაციაში – ისტორიული შედეგია, რომ 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120 პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მოწინავეა ევროპის ქვეყნები” – ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ავიაციის სექტორის თანმიმდევრულად განვითარებაზე საუბრისას ხაზი გაუსვა გასულ წელს წარმატებით დასრულებულ მოლაპარაკებებს ისეთ ავიაკომპანიებთან, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი,” „იზიჯეტი” და შვეიცარიული „ედელვაისი.” როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ჩვენ ქვეყანაში ჩამოსული ყველა რეისის საშუალო დატვირთულობის კოეფიციენტი 92-დან 98 პროცენტამდეა.

„ვხედავთ, რომ დივერსიფიცირებულად მიმდინარეობს ტურიზმის ზრდა და სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად მსყიდველუნარიან ტურისტულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარეობს ის შედეგები, რომელიც მივიღეთ როგორც გასულ წელს, ასევე მიმდინარე წელსაც – 2024 წელს ტურიზმიდან 4.4 მილიარდი აშშ დოლარი გვქონდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ასევე აღსანიშნავია, რომ საგრძნობლად გაზრდილია საშუალო დანახარჯი ერთ ტურისტულ ვიზიტზე, მათ შორის, გაზრდილია საშუალო ღამისთევის რაოდენობა” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები