გიორგი კახიანი – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ზელენსკის მიერ საქართველოს შესახებ გაჟღერებულ განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კავშირშია 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციებთან
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს შესახებ გაჟღერებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი კავშირშია 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციებთან.
„გუშინ უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლა ბევრის მთქმელი იყო საქართველოსთან მიმართების ნაწილში და დღეს კი საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა იმ ნაწილში, სადაც მან უკრაინა ახსენა. ამ გამოსვლას თუ ერთმანეთს შევადარებთ, წარმოჩნდება ის ვითარება, რაც სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაში ბოლო წლების განმავლობაში არსებობს.
ჩვენ ვნახეთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მიმართ თავდასხმა, სრულიად ნეგატიურ კონტექსტში საქართველოს მოხსენიება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კავშირშია 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციებთან. დღეს კი ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის ღირსეული პასუხი, სადაც მან კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ უკრაინაში მალე მშვიდობა დადგეს“, – აღნიშნა კახიანმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში“.