მიხეილ ყაველაშვილი: გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განვაცხადე, რომ ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა მხარესთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლას აჯამებს.

„გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვედი. გამოსვლისას აღვნიშნე, რომ მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. ხაზი გავუსვი, რომ მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე განვაცხადე, რომ ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი.

როგორც გამოსვლისას აღვნიშნე, დღესაც, როგორც უწინ საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს. განვაცხადე, რომ მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი.

სიტყვის გამოსვლისას ხაზი გავუსვი, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი.

სიტყვით გამოსვლისას აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მივმართე და განვაცხადე, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ.

სიტყვის დასასრულს კიდევ ერთხელ აღვნიშნე, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე, უკლებლივ ყველა მხარესთან“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები