“დიდი ხანია, საქართველოში ცალკეული ქვეყნის ელჩები გამოირჩევიან ვენის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, როდესაც აქვთ მცდელობა, ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში” – მათიკაშვილი

“საკმაოდ დიდი ხანია, საქართველოში ცალკეული ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩიც გამოირჩევიან ვენის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, როდესაც აქვთ მცდელობა ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

აღნიშნულით ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩების დაბარების საკითხს გამოეხმაურა.

„საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში ცალკეული ქვეყნის ელჩები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩიც გამოირჩევიან ვენის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, როდესაც აქვთ მცდელობა ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში და იმგვარად მოიქცნენ, რომელიც არ ეკადრება არც ქვეყნებს შორის ურთიერთობას, არ ეკადრება არც დიპლომატიურ ეტიკეტს, არც ვენის კონვენციას და ელემენტარულად, საღ აზრს. თუკი შენ ხარ წარმომადგენელი, პირველი დიპლომატი ერთი ქვეყნისა მეორე ქვეყანაში, შენი ზრუნვის საგანი უნდა იყოს ამ სახელმწიფოებს შორის, ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, ურთიერთსასარგებლო პროცესებში ამ სახელმწიფოების ჩაბმა და არა რადიკალიზმის წახალისება. რადიკალიზმის დაფინანსება, რასაც სამწუხაროდ ეს ელჩები აკეთებდნენ. არ ემიჯნებოდნენ იმ ქმედებას, რომელიც საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში მოღვაწე ფონდებიდან იყო დაფინანსებული და რაც იწვევდა შემდეგ, მაგალითად პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას და ა.შ.

ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით სამართლიანია ქართული საგარეო უწყება, როდესაც კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ ელჩებს იბარებს და ეუბნება მათ იმ სათქმელს, რომელიც არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლის სათქმელია. ეს არის მთელი საღად მოაზროვნე საქართველოს მოსახლეობის სათქმელი, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით მეგობრობა, მაგრამ ასევე ძალიან კარად ვიცით, როდესაც ხდება ჩვენი სუვერენიტეტის დათრგუნვის ხარჯზე პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობა. ბუნებრივია, არავის მიეცემა იმის უფლება, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები