ნათია თურნავამ, საფოსტო მარკის „ქართული ფული – ეროვნული ვალუტა 30 წელი” პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ლარის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოშვებული საიუბილეო საფოსტო მარკის „ქართული ფული – ეროვნული ვალუტა – 30 წელი” პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საიუბილეო მარკა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ გამოუშვა და საქართველოს ფოსტამ დაამზადა. საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს.
ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ფოსტასა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს საიუბილეო მარკის გამოშვებისთვის და აღნიშნა, რომ ლარისადმი მიძღვნილი ახალი მარკების სერია როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფილატელისტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს.
მისივე თქმით, ლარის მიმართ წლების განმავლობაში სულ უფრო მეტად იზრდება ნდობა , რასაც ადასტურებს დეპოზიტების მზარდი მაჩვენებელი.
„თუ 15 წლის წინ ლარში დენომინირებული დეპოზიტების წილი მხოლოდ 30% იყო, ახლა 50-50%-ზეა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესის უფრო მეტი წილი ანდობს თავის დანაზოგებს ლარს. ლარი რეალურად იქცა როგორც ანგარიშსწორების, ასევე დაზოგვის , ინვესტირების სანდო საშუალებად და დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი გაგრძელდება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
პრეზენტაციაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.
საიუბილეო მარკის პრეზენტაცია, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი – საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა.
ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე.