შარმანაშვილი – ზელენსკიზე: სამხედრო ავანტიურაში არ ჩავერთეთ და ამას ვერ გვპატიობენ
,,ქართული ოცნების” წევრი თენგიზ შარმანაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.
,,ყველა ნაბიჯი, რომელიც თეორიულად შეიძლება გადაიდგას მხარდასაჭერად, ყველანაირი ნაბიჯი გადავდგით. ერთადერთი ნაბიჯი არ გადავდგით, რომ სამხედრო ავანტიურაში არ ჩავერთეთ და ამას ვერ გვპატიებენ. რომ ვნახოთ მათი რეიტინგები, სავალალო მდგომარეობაა კორუფციის თვალსაზრისით უკრაინაში. დემოკრატიის ინდექსით წინ ვართ, ეკონომიკური განვითარების ინდექსზე არ ვლაპარაკობ, საომარ მდგომარეობაშია და ამას ყურადღებას არ მივაქცევ. ყველა დანარჩენი ინდექსი, რაც შეიძლება არსებობდეს ქვეყანაში მისი ევროპულობის დასამტკიცებლად, ყველა რეიტინგში ვუსწრებთ და მიუხედავად ამისა, მილიონობით ლტოლვილი ჰყავს უკრაინას, ინგრევა მთელი ინფრასტრუქტურა, ამისთვის უნდა ეცალოთ ახლა, რომ საქართველოში დემოკრატიაზე ილაპარაკონ? რომელიც მათ უსწრებს ათმაგად? მაგრამ იცლიან. უნდათ ამ ავანტიურას წამოვეგოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ვერ მიაღწევენ”, – აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ჩვენ ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ“. მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება და საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული.