შალვა პაპუაშვილი: ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის ან სხვა მიმართულებით, ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებითა და ხელის ჩამორთმევებით
“უნდათ კრიმინალური წარსულის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა? უნდათ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებსაც 4 ოქტომბერს ძალადობა აქვთ დაანონსებული? შეხვდნენ. მაგრამ მაშინ თავადაც საჯაროდ განაცხადონ, რომ ისინი მოუწოდებენ, რომ არ იყოს არანაირი ძალადობა 4 ოქტომბერს, იმიტომ, რომ მათი სიჩუმე არის მხოლოდ წახალისება მოძალადეებისა. ყველას ვაფრთხილებ, 4 ოქტომბერს ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობისა, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს,” – ამის შესახებ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არჩევნების დღეს, კრიმინალური წარსულისა და აწმყოს მქონე „ნაციონალური მოძრაობა“ – მოძალადე ჯგუფი, აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი და დღეს, როგორც ვნახეთ, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან ბრიუსელში და საკუთარივე განცხადებებით, შეხვდნენ ევროკომისიის წარმომადგენლებს ევროპარლამენტში.
ჩვენ არ გვსმენია მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ „ნაცმოძრაობას“ მოუწოდეს 4 ოქტომბერს ძალადობაზე თქვან უარი. შესაბამისად, ასეთი შეხვედრები და სოლიდარობის გამოცხადება 4 ოქტომბრის დაანონსებული ძალადობრივი ღონისძიების მათ მიერ არის პასუხისმგებლობის გაზიარება.
ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით, ძალადობის ერთი ფაქტი თუ დავინახეთ „ნაცმოძრაობის“ მიტინგიდან, აღარ ვსაუბრობ იმაზე, მაშხალებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ თუ მოიტანენ, ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს მათი განცხადებებითა და ხელის ჩამორთმევით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.