შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტი აშშ-ში სავახშმოდ არ არის ჩასული, საქმეზეა
„პრეზიდენტი აშშ-ში სავახშმოდ არ არის ჩასული, საქმეზეა”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს შეეხებოდა, რომელსაც მიხეილ ყაველაშვილი არ ესწრებოდა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე იყო მიწვეული.
„ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი. მათ შორის მნიშვნელოვანი საუბარი იყო. აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მიღებაზე იყო მათ შორის ჯო უილსონი. იქიდან შეიძლება იკითხოთ და მოიკითხოთ, რა ხდებოდა.
რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ვახშამს, პრეზიდენტი იქ სავახშმოდ არ არის ჩასული, არის საქმეზე ჩასული. აშშ-ს ხელმძღვანელობს, აშშ-ის პრეზიდენტი. აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი, ჰქონდა შესაძლებლობა გასაუბრების. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მარკო რუბიომ ნიუ-იორკში 2025 წლის ტრანსატლანტიკურ ვახშამს უმასპინძლა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვახშამში მონაწილეობა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა, ასევე სომხეთის, აზერბაიჯანის, შვეიცარიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.