შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანი არ არის, რას გეგმავს „ნაცმოძრაობა“, მნიშვნელოვანი არიან ის დიპლომატები თუ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ ადამიანებთან ურთიერთობენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, 4 ოქტომბრისთვის ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
„ძალადობა აქვთ დაანონსებული, ლაპარაკს რომ არ უნდა დავუჯეროთ, სისულელეებს რომ ლაპარაკობენ, მშვიდობიანად დაგხოცავთ ყველსო, ასე ხომ არ არის?
ეს არის კრიმინალური მოძრაობა, „ნაცმოძრაობა“, რომლის პოლიტიკური ბედი გადაწყვეტილია. ამ ნაღვერდალს, ერთადერთი, სულს უბერავენ გარედან. ამიტომ აქ მნიშვნელოვანი არ არის, რას გეგმავს „ნაცმოძრაობა“, რა იდეები და ჩანაფიქრები აქვს. აქ მნიშვნელოვანი არიან ის დიპლომატები თუ უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ასეთ ადამიანებთან ურთიერთობენ და შემდეგ იმასაც არ კადრულობენ, თქვან, რომ ემიჯნებიან.
მათ შორის, [ევროკომისიის] პრესმდივნის განცხადება ყველაფერთან ერთად იყო ჩარევა საქართველოს არჩევნებში, ვინაიდან მან თქვა, რომ არჩევნების დღეს უნდა ჩატარდეს მიტინგიო. ევროპასთან პრესმდივნის იმ განცხადებას რაიმე კავშირის აქვს საერთოდ? სოლიდარობის გამოცხადება ნიშნავს, რომ მათ შორის, მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ „მიდით აქციაზე”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.