“არ მეგონა, თუ ელჩებისთვის ვენის კონვენციის სწავლებაც დაგვჭირდებოდა, რას ნიშნავს სანქცია?” – გურამ მაჭარაშვილი
“არ მეგონა, თუ ელჩებისთვის ვენის კონვენციის სწავლებაც დაგვჭირდებოდა, რას ნიშნავს სანქცია? – დიპლომატიური წესი არსებობს, როცა სახელმწიფოსთან რაღაცის გარკვევა გინდა, მის ელჩს იბარებ და იქ საუბარია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევები არსებობს ორ ქვეყანას შორის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, დაბარება ჩვეულებრივი დიპლომატიური წესია.
„წარმოიდგინეთ, ჩვენი ელჩი დიდ ბრიტანეთში ან გერმანიაში რომ გამოვიდეს და გერმანიის პოლიციას მოუწოდოს, ადამიანის უფლებები დაიცვას. რა მოხდება, ელჩს არ დაიბარებენ? უკრაინაში საქართველოს ელჩს რაიმე არათუ პოლიტიკური, არამედ დიპლომატიური გადაცდომა ჰქონდა, როცა გამოაძევეს? ღირსება უნდა გაგაჩნდეს და უცხო ქვეყნის ელჩი მეფის ნაცვალი ან ცეკა-ს მეორე მდივანი არ უნდა გეგონოს. დაბარება ჩვეულებრივი დიპლომატიური წესია, როცა წესის მიხედვით არ იქცევი, რაც იგივე ვენის კონვენციაში და ჩვენს ურთიერთობებში არსებობს. რაც შეეხება გერმანიის ელჩს, არაფერს ვედავებით, თვითონ გვედავება. იმიტომ დაიბარეს, გავიგოთ, რატომ გვედავება და გვებრძვის. რატომ აფინანსებს და ახალისებს ძალადობრივ აქციებს? გერმანიის ელჩის ან საერთოდ ელჩის ფუნქცია არის, რომ რადიკალი ოპოზიციონერების სასამართლო პროცესებს დაესწროს იმათ სასარგებლოდ? ჩვენ კი არ ვედავებით, პირიქით, ის რატომ ედავება საქართველოს, ამის გასარკვევად დაიბარეს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.