საფრანგეთის პროფკავშირებმა პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ გაფიცვების ახალი ტალღა დააანონსეს
საფრანგეთის პროფკავშირები 2 ოქტომბერს კიდევ ერთ საყოველთაო გაფიცვას და საპროტესტო აქციას გამართავენ, მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნიუსთან მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა,- ინფორმაციას, ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„პრემიერ-მინისტრმა არ გასცა მკაფიო პასუხები მუშების მოლოდინებზე. ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა“, – განაცხადა პროფკავშირების CFDT-ის ლიდერმა მერილიზ ლეონმა პროფკავშირებს შორის კოალიციის სახელით გამოსვლისას.
ლეკორნუს, რომელიც ორ წელზე ნაკლები ხნის წინ საფრანგეთის მეხუთე პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, ჯერ კიდევ არ ჩამოუყალიბებია მთავრობა და არც მომავალი წლის ბიუჯეტი დაუსრულებია.
„ჩვენ ზუსტ პასუხს ველოდებით და არა თავაზიან მოსმენას“, – განაცხადა CGT-ის გენერალურმა მდივანმა სოფი ბინემ.
საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, 18 სექტემბერს, საპროტესტო აქციაში, მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიური ზომების წინააღმდეგ 500 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროფკავშირების ცნობით კი, გაფიცვაში მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
პროფკავშირებმა ლეკორნუს ულტიმატუმი წაუყენეს: უარი ეთქვათ საპენსიო ასაკის გაზრდაზე, გაეუქმებინათ უმუშევრობის შემწეობის რეფორმები, შეეჩერებინათ საჯარო სამსახურში 3000 სამუშაო ადგილის შემცირება და ჩაშლილიყო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს დროს მომზადებული ბიუჯეტის პროექტი.