ნინო ლაცაბიძე: იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ, რუსთავში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ და მიხარია, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი კარგი ტრადიცია დაუბრუნდება

რუსთავში, რაგბის ახალი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა დაიწყო.

ახალი სტადიონის ბაზაზე, რუსთავში სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციისა და ბავშვთა რაგბის განვითარების მიზნით, აკადემია დაარსდება.

ლომოურის ქუჩაზე, იქ სადაც წლების წინ, რუსთავის პირველი რაგბის სტადიონი იყო, ნინო ლაცაბიძემ, მშენებლობის დაწყების ნიშნად კაფსულა, პარლამენტარებთან ირაკლი შატაკიშვილთან და ალექსანდრე დალაქიშვილთან, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ, პარლამენტარ დავით კაჭარავასთან ერთად ჩააგდო.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ბავშვთა რაგბის აკადემია, რომელიც აშენდება, ასობით რუსთაველ ახალგაზრდას მოემსახურება.

,,იმ პროექტებთან ერთად, რომელსაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ, რუსთავში რაგბის ახალი სტადიონის მშენებლობა დავიწყეთ და მიხარია, რომ ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი კარგი ტრადიცია დაუბრუნდება. ჩვენი სახელოვანი მორაგბეები, სწორედ ამ ტერიტორიაზე – ლომოურის ქუჩაზე არსებულ მოედანზე გაიზარდნენ და ძალიან ბევრი წარმატება მოუტანეს ჩვენს ქალაქს და ქვეყანას. ბავშვთა რაგბის აკადემია, რომელიც აქ აშენდება, ასობით რუსთაველ ახალგაზრდას მოემსახურება, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი სახელოვანი სპორტსმენები აღიზარდოს ჩვენს ქალაქში და რუსთავი კიდევ უფრო მეტი ჩემპიონის ქალაქი გახდეს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

ღონისძიებას, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, ვეტერანი და რუსთავის ,,ხარების” მორაგბეები ესწრებოდნენ.

საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა დავით კაჭარავამაც.

,,რუსთავში ძალიან მნიშვნელოვანი დღე და ზეიმია, იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც რუსთავის რაგბის ისტორიაში პირველი თაობის მორაგბეები იწყებდნენ თამაშს. ეს ისტორიული ადგილია რუსთავისთვის და ვფიქრობ გადაწყვეტილება, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს რაგბის და მაღალი სტანდარტის რაგბის მოედანი გაკეთდეს აქ, ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა რუსთავის მერიას და იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ გადაწყვეტილებაში მიიღეს მონაწილეობა”, – განაცხადა პარლამენტარმა, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ.

ლომოურის ქუჩაზე, 8000 კვ/ მ ფართობზე ხელოვნურსაფარიანი რაგბის მოედანი აშენდება. სტადიონის გარდა, პროექტი ტრიბუნების, დამხმარე ნაგებობების, გასახდელების, საშხაპეების, სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.

ირაკლი შატაკიშვილის თქმით, რაგბის, ასევე სპორტის სხვა სახეობების ხელშეწყობა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება.

,,რუსთავის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია, იმ ადგილზე სადაც რუსთაველმა მორაგბეებმა ფეხი აიდგეს, სრულიად ახალი რაგბისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და რაც მთავარია, მის ბაზაზე შეიქმნება რაგბის ბავშვთა აკადემია, სადაც ახალი წარმატებული ქართველი მორაგბეები აღიზრდებიან. ,,ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდის და ხელმძღვანელობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა და ამ თვალსაზრისით რუსთავიც არაა გამონაკლისი. ჩვენ მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ როგორც რაგბის, ასევე სპორტის სხვა სახეობების ხელშეწყობას და განვთარებას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 2 980 225 ლარია და სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები