ტრამპი: ჩინეთი და ინდოეთი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მთავარი სპონსორები არიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთი და ინდოეთი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მთავარი სპონსორები არიან და ნატოს რამდენიმე ქვეყანა რუსული ენერგორესურსების შესყიდვის გაგრძელების გამო გააკრიტიკა.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული განცხადება გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის სესიის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
„ჩინეთი და ინდოეთი [უკრაინაში] მიმდინარე ომის მთავარი დამფინანსებლები არიან, რადგან ისინი რუსული ნავთობის შესყიდვას აგრძელებენ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანვე დასძინა, რომ ნატოს ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამაც კი არ შეწყვიტა რუსული ენერგიის დიდი მოცულობით იმპორტი.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ის უკრაინაში მკვლელობების შესაჩერებლად მუშაობს და აღნიშნა, რომ მანამდე ის რუსეთის ომის მოგვარებას ყველაზე მარტივ კონფლიქტად მიიჩნევდა.
„მაგრამ თქვენ იცით, რომ ომში არასდროს იცი, რა მოხდება. ყოველთვის ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ასევე ცუდი“, – თქვა ტრამპმა.
ამასთან, მან ასევე გაიხსენა, რომ ადრეული პროგნოზებით რუსეთს უკრაინაში სამ დღეში უნდა გაემარჯვებინა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„ეს რუსეთს კარგ იმიჯს არ უქმნის. ეს მათ ცუდად წარმოაჩენს. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება ამიერიდან“, – თქვა მან.