მთავრობის ადმინისტრაცია ნადირაშვილის ინფორმაციას დამახინჯებულს უწოდებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მაია ცქიტიშვილმა ვიზიტის ხარჯების შესახებ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერს აშშ-ში არც ერთი ვიზიტისას კერძო თვითმფრინავით არ უსარგებლია.
„პრემიერი წელს აშშ-ში უკვე მეორედ იმყოფებოდა ვიზიტით და მისი გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც პირველად, როცა იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრაზე, ისე მეორედ, არ უსარგებლია კერძო თვითმფრინავით და პრემიერ-მინისტრმა იმგზავრა ჩვეულებრივი, სარეისო თვითმფრინავით. ეს მოხდა სწორედ სახელმწიფო სახსრების დაზოგვისა და ეკონომიის მიზნით. დაიზოგა დაახლოებით 300 ათას ლარამდე. ეს იყო პრემიერის პირადი გადაწყვეტილება, რომ არ დაგვექირავებინა კერძო თვითმფრინავი. ასევე, მთელი სახელმწიფო დელეგაცია, ბუნებრივია, ჩვეულებრივი თვითმფრინავით გაემგზავრა. რაც შეეხება ბილეთებს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს გავლენა საერთაშორისო ფრენების ტარიფებზე. პრემიერთან შეთანხმების გარეშე, ჩვენ გადავწყვიტეთ, მთავრობის მეთაურისთვის შეძენილი ყოფილიყო პირველი კლასის ბილეთი”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება სასტუმროს ხარჯებს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მთავრობის და დელეგაციების მეთაურების ვიზიტისას პროტოკოლით გათვალისწინებულია შესაბამისი სასტუმროები, რაც ქვეყნის იმიჯის საკითხია.
როგორც მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, გაჟღერებულ სასტუმროში აღებული იყო მხოლოდ 3 ნომერი, ხოლო საქართველოს დელეგაციის წევრები განთავსდნენ 4 და 3 ვარსკვლავიან სასტუმროებში.
„გაჟღერებული იყო ტრანსპორტის ხარჯიც, რომელთან დაკავშირებითაც გვინდა გაცნობოთ, რომ ტრანსპორტი ემსახურებოდა 46-კაციან დელეგაციას, მათ შორის მინისტრებს, რომლებსაც ჰქონდათ ინდივიდუალური პროგრამა და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. ჩვენ ამის შესახებ აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ წარვმართეთ პროცესი და მივაწოდეთ ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ მხარეს. ვადასტურებთ, რომ მთავრობის კანცელარამ გადაიხადა 42 ათასი ლარი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართული ქართული ფილმების ერთთვიანი რეტროსპექტივისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, დამახინჯებული იყო ინფორმაცია დამატებით ხარჯებთან დაკავშირებითაც.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, მინი ბარისთვის არ დახარჯულა არც ერთი თეთრი, ხოლო დანარჩენი თანხა დახარჯული იყო მხოლოდ ოფიციალურ სადილებისა და შეხვედრების მომსახურებაში.
„კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს მას და დელეგაციის წევრებს ჩვეულებრივი, სარეისო თვითმფრინავით ესარგებლათ, დაიზოგა თანხა – 300 ათას ლარამდე, რაც მთელი ვიზიტის ხარჯის უდიდეს ნაწილს შეადგენდა. თვითმფრინავის დაქირავება სახელმწიფოს 300 ათასი ლარი დაუჯდებოდა და სწორედ პრემიერის გადაწყვეტილებით დაიზოგა ეს თანხა. ასე რომ, ყველანაირი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით აზრს მოკლებულია”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა პრემიერ – მინისტრისა და მისი დელეგაციის ნიუ-იორკში გამართული ვიზიტის ხარჯების თაობაზე ბრიფინგი გამართა. როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, ქართული დელეგაცია გაეროში 34 წევრისგან შედგებოდა. მისვე მტკიცებით, აქედან 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯისთვის მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან სულ 562 ათას 965 ლარი გამოიყო.
“დელეგაცია, პრემიერის ბრძანებით, განისაზღვრა 34 წევრით. ჩვენ ხელთ გვაქვს 16 ადამიანის სამივლინებო ხარჯი გაწეული მთავრობის კანცელარიის ბიუჯეტიდან. სულ ეს თანხა არის 562 ათას 965 ლარი“,-განაცხადა ნადირაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები