დავით ნარმანია – საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი ხდება

 

    „მოხარული ვართ, რომ საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი ხდება, ამას თითოეული თქვენთაგანის აქტიურობა მოწმობს“ – ასე მიმართა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს დღეს, „ქორთიარდ მარიოტში“. დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერია გვერდში დაუდგება დედაქალაქში ინვესტიციის განხორციელების მსურველ თითოეულ ინვესტორს და მათთან ერთად მიიღებს პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას. მისივე თქმით, ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები – ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარტივი და დაბალი საგადასახადო განაკვეთი.
თბილისის მერმა დედაქალაქის, როგორც მომავალში რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც, მისი თქმით, თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური საფუძვლები აქვს. მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს დელეგაცია ბიზნეს-ფორუმზე უკვე ისრაელს ეწვევა, სადაც ქართველი მეწარმეების მონაწილეობით გაიმართება შეხვედრები პოტენციურ პარტნიორებთან, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქართული და ებრაული ბიზნესწრეების ურთიერთობას. თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე მომავალ წელს, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2015 წელს თბილისში რამდენიმე ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, გარდა ამისა, დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ კონფერენციას, მაისში თბილისში გაიმართება ევროპის სუპერ-თასი, რისთვისაც მიმდინარეობს დინამოს სტადიონის მოდერნიზება. ზაფხულში თბილისში გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა – 2015 და „რა, სად, როდის“ მსოფლიო ჩემპიონატი. „ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს, რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩვენს დედაქალაქს“ – განაცხადა დავით ნარმანიამ. ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში გამართული ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და BDO, ხოლო პარტნიორები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის სავაჭრო პალატა, ასევე სხვა ბიზნეს ორგანიზაციები ორივე მხრიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები