კახა კალაძე ევროპელ ბიუროკრატებზე: აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და შანტაჟს იმის გამო, რომ ჰარაკირი არ გავიკეთეთ
რაც უფრო შორს იქნებიან ამ ტიპის ბიუროკრატები, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას და შანტაჟს იმის გამო, რომ ჩვენ ხარაკირი არ გავიკეთეთ, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩეხეთის მთავრობის მიერ ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხს.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ვალდებულება აქვს აღებული პირველ რიგში ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები დასაცავად.
„ქვეყანა არ დაემორჩილა მათ შანტაჟს, მუქარებს, შეურაცხყოფებს, მათ მოთხოვნებს, რომ ჩავრთულიყავით ომში, გაგვეჩაღებინა მეორე ფრონტი, ქვეყანა მიერთებოდა სანქციებს, რაც დამღუპველი იქნებოდა ეკონომიკურად და კატასტროფის მომტანი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. სისულელეებს არ გავაკეთებთ, საკუთარ ქვეყანას, ხალხს და საკუთარ თავს არ დავიზიანებთ.
ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ქართველი ხალხის წინაშე, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს და გაითავისოს. ქართველი ხალხის წინაშე გვაქვს ვალდებულება აღებული და არა ვიღაცების წინაშე გარედან, როგორც მათ აქვთ სურვილი.
ქართველი ხალხი არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ, პირველ რიგში, ამ ქვეყნის და ქართველი ხალხის ინტერესები დავიცვათ.
ეს ადამიანები აგრძელებენ შეურაცხყოფას, ცილისწამებას, მუქარას, შანტაჟს და რის გამო? იმის გამო, რომ ჩვენ ჰარაკირი არ გავიკეთეთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.