დავით უსუფაშვილი შეკვეთილ სტატიასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

    დავით უსუფაშვილი შეკვეთილ სტატიასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებსპარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საერთაშორისო გამოცემა International New York times-ის მიერ გამოქვეყნებული წერილის თაობაზე განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, წერილისთვის თანხა არც მას, არც პარლამენტს და არც ბიუჯეტს არ გადაუხდია.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მან სტატია რამდენიმე ევროპულ გამოცემას შესთავაზა, რომელთა მხრიდანაც იყო პირობა მასალის ერთი მეოთხედის დაბეჭდვის თაობაზე, ხოლო ამის შემდეგ ის გამოსაქვეყნებლად პორტალ agenda.ge-ს გადასცა. მისივე თქმით, საერთოდ არ იცის მასალის გამოქვეყნებისათვის რაიმე თანხა არის თუ არა გადახდილი.
“მითხრეს, რომ არსებობს ქართული პორტალი „agenda.ge“, რომელიც სტატიებს ინგლისურ ენაზე აქვეყნებს და აქვს კონტაქტები სხვადასხვა მედიასაშუალებასთან. სტატია ინგლისურ ენაზე agenda.ge-ს გადავეცი და მივეცი პირობა, რომ სანამ თავად არ გამოაქვეყნებდა, მე მასალის ქართულ ორიგინალს არ გავავრცელებდი. ეს არის ის, რაც ვიცი. ისევე, როგორც თქვენ ნახეთ ერთ მშვენიერ დღეს საერთაშორისო International New York times-ში, მეც მაშინ ვნახე. ის, თუ როგორ დაიბეჭდა, ვინ დაბეჭდა, არ ვიცი, ვიცი მხოლოდ ის, რომ არც მე, არც პარლამენტს და საქართველოს ბიუჯეტს არც ერთი “კაპიკი” ამ საქმეში არ გადაუხდია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნული სტატიის დაწერის მიზეზებზეც ისაუბრა. “რაც ამ სტატიაში წერია, არის სრული სიმართლე. გადავწყვიტე საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამეხსნა, თუ რაშია საქმე. სტატია დაიწერა დაახლოებით ერთი თვის წინ. მაშინ, როდესაც განსაკუთრებით რთულდება ჩვენი მდგომარეობა რუსეთთან მიმართებაში და არის სერიოზული ხიფათი, ზუსტად ამ დროს მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ვერ ვიჯდები ჩემს ოთახში და ვერ ვუყურებ მშვიდად იმას, თუ როგორ ავრცელებენ დეზინფორმაციას ცალკეული პოლიტიკოსები იმის შესახებ, თითქოს რუსეთს უკვე ანექსირებული საქართველო, რადგან ხელისუფლებაში პუტინისა და რუსეთის მარიონეტები სხედან. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე ყველაზე უფრო არასწორი ქმედება, რაც შეიძლება პოლიტიკოსმა ჩაიდინოს. ვინაიდან ავრცელებენ მსოფლიოში, რომ “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი არის პუტინიდან მართული პოლიტიკური ძალა, დიახ, გადავწყვიტე, რომ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ფაქტები, ხოლო შეფასებები თავად გააკეთონ. ამან ძალიან სერიოზული შედეგი გამოიღო – ბევრი ადამიანი თავიდან ჩაუფიქრდა ამ მოვლენებს”, – განაცხადა ჟურნალისტრებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები