დავით ნარმანია (UNFPA) თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფისების დირექტორს და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

 

     თბილისის მერი დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფისების დირექტორს ზაქიდ ჰაქის და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს ლელა ბაქრაძეს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ თბილისის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტებს და პრევენციის მექანიზმებს, ასევე, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობას და პროგრამის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია გაეროს მოსახლეობის ფონდთან წლებია, ნაყოფიერად თანამშრომლობს, განსაკუთრებით მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით. მისივე თქმით, ფონდის დახმარებით დამყარდა და გაძლიერდა პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნების წამყვან ტექნიკურ ინსტიტუტებთან, რამაც ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლების და სკრინინგის ხარისხიანი სერვისების მიწოდების შესაძლებლობა მისცა.
„გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც 15 წელია, საქართველოში საქმიანობს, დიდ დახმარებას გვიწევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევისა თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ორგანიზაცია ხელს უწყობს მოქალაქეებს, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრებით და რაც მთავარია, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
20 ოქტომბერს დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოსთან თანამშრომლობის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები