პროკურატურამ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ადვოკატის მიმართ დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი მუქარისთვის ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათ შორის ერთ-ერთმა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილმა, ადვოკატის საქმიანობასთან დაკავშირებით, ზემოქმედების მოხდენის მიზნით, განიზრახეს მუქარა განეხორციელებინათ ადვოკატის მიმართ. ერთ-ერთი ბრალდებული ადვოკატს შეხვდა, მიაწოდა მობილური ტელეფონი და მოსთხოვა ძებნილ ბრალდებულს გასაუბრებოდა, რომელიც დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ორივე პირს ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე -5 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით ( ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.