საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ჩეხ სენატორებთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს მიროსლავ კრეიჩას და ამავე კომიტეტის წევრებს შეხვდა – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა შეეხო საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ურთიერთობებს ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში. განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები. ასევე ხაზი გაესვა ჩეხეთის პარლამენტის მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიკაციის მნიშვნელობას და ვიშეგრადის ოთხეულსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. შეხვედრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მიერ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისთვის შეთავაზებულ შეთანხმებაზე „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ”. ხაზი გაესვა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის ესკალაცია და ხელი შეეწყოს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესს.
სენატორების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოში გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. ჩეხეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი მხარდაჭერა და მზაობა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები