ზურაბ აბაშიძე: ირაკლი ალასანიას შეუძლია გახდეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეუძლია გახდეს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე და ეს არ იქნება კანონდარღვევა, – ამის შესახებ დეპუტატმა, “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ზურაბ აბაშიძის თქმით, საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა არ კრძალავს, რომ თავდაცვის მინისტრი პარტიის თავმჯდომარე იყოს. “რაც შეეხება ირაკლი ალასანიას და მის პოლიტიკურ საქმიანობას, მიკვირს ექსპერტების გამონათქვამები, რომ თითქოს წინააღმდეგობაშია და არ შეიძლება თავდაცვის მინისტრი გახდეს პარტიის თავმჯდომარე. გაეცნენ კონსტიტუციას, კანონმდებლობას, და თუ სადმე ამოიკითხავენ, რომ მინისტრს არ შეუძლია პარტიის თავმჯდომარეობა, მე ბოდიშს მოვუხდი მათ. თუ აქედან უნდათ, რამე თემა შექმნან და რაღაც პოლიტიკური დაპირისპირება წარმოშვან კოალიციის შიგნით, პირდაპირ ვეუბნებით, რომ ეს არ გამოუვათ. გაეცნონ კონსტიტუციას. მათივე ლოგიკით, არც პრემიერ-მინისტრს არ უნდა შეეძლოს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარეობა, არც კახი კალაძეს უნდა შეეძლოს, იყოს ამავე პარტიის გენერალური მდივანი. ირაკლი ალასანია არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საკმაოდ წარმატებულია ქვეყანაში. ის ასრულებს საკუთარ მოვალეობას, როგორც თავდაცვის მინისტრი, და ის აუცილებლად გახდება პარტიის თავმჯდომარე, რაც საქართველოს კანონმდებლობასთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის. ირაკლი ალასანია იყო პარტიის ლიდერი, რჩება ლიდერად. ამავდროულად, ის გახდება თავმჯდომარე და ვფიქრობთ, რომ პარტია უნდა გაძლიერდეს იმისათვის, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანები კოალიციაში შემავალ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთად შევასრულოთ. ეს არის ჩვენი გულწრფელი მიზანი”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. უკვე ცნობილია, რომ “თავისუფალი დემოკრატები” 8 ნოემბერს გეგმავენ რიგით მესამე ყრილობის ჩატარებას, სადაც აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ეს იქნება თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. ზურაბ აბაშიძე ასევე გამორიცხავს პარტიის მიერ კოალიციის დატოვებას და აცხადებს, რომ პარტია “თავისუფალი დემოკრატები” მზად იქნება და ყველაფერს გააკეთებს კოალიციაში შემავალ ძალებთან პარტნიორობის გაგრძელებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები