გერმანიამ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა – ზალკალიანის განმარტება

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო სარისკო ქვეყნების ჯგუფში შეიყვანა, აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი გამოეხმაურა.
როგორც დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ასეთი ტიპის განცხადებებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები, ყოველწლიურად ავრცელებენ და როგორც ზალკალიანი აცხადებს, ამაში საგანგაშო არაფერია.
“თუკი თქვენ ყურადღებით წაიკითხავთ სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გამოთქმულ პოზიციას, დიდ განსხვავებას ვერ დაინახავათ იგივე პოლონეთთან, რუმინეთთან, ასევე საფრანგეთთან მიმართებაში. ანუ სიაში არის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, სადაც მსგავსი ტიპის განცხადებები მათთან მიმართებაშიც არის გამოთქმული”, – განაცხადა ზალკალიანმა. მისივე განმარტებით, საქართველოს სარისკო ქვეყნების სიაში შეყვანა, მნიშვნელოვანად განაპირობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილმა სიტუაციამ და იქ არსებულმა უკონტროლო პროცესებმა, რომელსაც საქართველოს ცეტნრალური ხელისუფლება ვერ აკონკრეტებს. აქედან გამომდინარე, ზალკალიანი ამბობს, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის. “მეორე მიზეზი ასევე შემიძლია დაგისახელოთ, ძალიან სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ პრესაში სვანეთში მომხდარ ინციდენტს, როდესაც რამდენიმე გერმანელი ტურისტი დააყაჩაღეს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ძალიან სერიოზული აჟიოტაჟი გერმანულ პრესაში. ჩვენი ვარაუდით და ინფორმაციით, დიდწილად სწორედ ამით არის განპირობებული აღნიშნულ სიაში საქართველოს მოხვედრა”, – განაცხადა ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ გერმანულმა მედიამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები