სახალხო დამცველი მოითხოვს, ძალადობის ტენდენციები პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდეს

უჩა ნანუაშვილი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არაეფექტურ პოლიტიკაზე საუბრობს და მოითხოვს, ძალადობის საშიში ტენდენციები საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდეს. ომბუდსმენი მოითხოვს, პარლამენტმა გამოიყენოს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები და მოიწვიოს მთავრობის შესაბამისი წევრები კონკრეტული და პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ ანგარიშის მოსასმენად. ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ხელთ არსებული მექანიზმები, რომელიც ძალადობის შეჩერებისკენ არის მიმართული, ამ დრომდე არ ამოქმედებულა. ასეთად კი უჩა ნანუაშვილს სოციალური მუშაკის როლის გაზრდა, ასევე, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი უწყებათშორისი საბჭოსა და ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის ამუშავება მიაჩნია.
“სახალხო დამცველის აპარატში არსებული გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ყოველდღიურად სწავლობს განცხადებებსა თუ საჩივრებს, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმეს პრობლემებს მოიცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა დაინტერესებულ თუ ადგილობრივ სტრუქტურასთან, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. უკანასკნელი 6 თვის მანძილზე 20-ზე მეტი ქალის მკვლელობა მოხდა, რასაც სწორედ გენდერული უთანასწორობა ედო საფუძვლად. სახალხო დამცველი მისალმება პარლამენტის ძალისხმევას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, მთავარ პრობლემას კანონმდებლობის აღუსრულებლობა წარმოადგენს. ხშირად გვესმის არგუმენტი, რომ რთულია ოჯახში ძალადობის იდენტიფიცირება, რადგან იგი ჩაკეტილ სოციალურ წრეში ხდება, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობა დიდი ხანია, გასცდა ჩაკეტილ სივრცეს. საზოგადოების გულგრილ დამოკიდებულებასთან ერთად, მთავარ გამოწვევას დაცვისა და დახმარების ღონისძიებების არაადეკვატური გამოყენება წარმოადგენს. ხშირად ძალადობის მსხვერპლ ქალთა დასაცავად არ ხდება იმ მექანიზმების გამოყენება, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. შესაბამისად, მათი თხოვნა დახმარების თაობაზე სამართალდამცავების მხრიდან უგულებელყოფილი რჩება”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მისივე თქმით, სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა შსს-ს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტის დროს მომხდარიყო რისკების შეფასება და კანონით გათვალისწინებული დაცვის ღონისძიებების გამოყენება, თუმცა მოძალადის გაფრთხილება ხელწერილით ხდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ფორმას ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექნიზმები საერთოდ არ ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები